სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, მომხმარებლები პრეტენზიის დროს სემეკს აქტიურად მიმართავენ. 

როგორც დავით ნარმანია გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, სემეკი შესული საჩივრის დროს გადაწყვეტილებას მაქსიმუმ 3 თვეში იღებს, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

"მნიშვნელოვანია ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის მექანიზმები, რაც სემეკს აქვს. ჩამოწერილ თანხებში შედის: არასწორად დარიცხული თანხა, ასევე ხანდაზმული დავალიანება. კერძოდ, თუ დავალიანების წარმოშობიდან 3 წელზე მეტია გასული, მსგავსი შემთხვევა ხანდაზმულად ითვლება. აღრიცხვიანობის სისტემა მოწესრიგებულია, თუმცა ზოგჯერ მრიცხველები ზიანდება, რადგან მოწყობილობას თავისი ექსპლუატაციის ვადა გააჩნია. ზოგადად, მომხმარებელი აქტიურია, რადგან იცის ორგანო, რომელსაც  პრეტენზიის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს.  ამავდროულად, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლოში ძალიან იშვიათად გადადის. სემეკში მომართვა ძალიან მარტივია, მომხმარებელს შეუძლია, განცხადება ელექტრონულადაც გამოაგზავნოს", - აცხადებს დავით ნარმანია. 

სემეკის თავმჯდომარე კომუნალური მომსახურების კომპანიებზე და ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ცალკეული კომუნალური კომპანიები ₾150 000-ითაც დაჯარიმდნენ.

"კომუნალური კომპანია 5 000-დან 75 000-მდე ლარით შეგვიძლია დავაჯარიმოთ. იმავე სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება, როდესაც მაგალითად, ახალი აბონენტი კომუნალურ ქსელზე ერთდება, ამ დროს დადგენილი ვადები და საფასური გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ კომუნალური კომპანია ჩვენს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ეტევა (ვერ მოამზადა პროექტი, ვერ გააგზავნა დროულად შესაბამის მუნიციპალიტეტში თანხმობის მისაღებად და ა.შ.) ასეთ შემთხვევაში ვადის დაკლებას ვახორციელებთ და მომხმარებელს კომპენსაცია ერიცხება, მიერთების საფასური ნახევრდება. ჩვენ მაქსიმალურად დაბალანსებულად ვცდილობთ ორივე მხარის უფლებების დაცვას", - აცხადებს დავით ნარმანია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი არის და წყალმომარაგების სექტორში კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული ₾128 000-ზე მეტი ჩამოაწერა. ამასთან, ყველაზე მეტი შემთხვევა ბუნებრივი აირის შემთხვევაში დაფიქსირდა.

წყარო: bp.ge