მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში ცვლილება შეიტანა.

კერძოდ, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.

ასევე, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდება ოჯახის გარდაცვლილ წევრს, აგრეთვე ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება შემდეგი სტატუსი:

  • ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
  • ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
  • ბ.გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
  • ბ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
  • ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
  • ბ.ვ) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;

სხვა შემთხვევებში, 2026 წლის განმავლობაში სააგენტომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების (მათ შორის, იმ ოჯახების, რომლებზეც გავრცელდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული ადმინისტრირების ნორმები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გადაამოწმოს.