კრიზისი საავიაციო სექტორში გრძელდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, საავიაციო საწვავის ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე ფიქსირდება და ბარელზე 180-დან 185 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ომამდე არსებულ მაჩვენებელს, ფაქტობრივად, ორჯერ აღემატება.
ცხადია, საავიაციო საწვავის გაძვირება გამოწვევების წინაშე აყენებს ავიაკომპანიებს, რომელთა საოპერაციო ხარჯების დიდ ნაწილს სწორედ საავიაციო საწვავი შეადგენს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ TravelOnly-ის დირექტორმა სოფიო ნაცვლიშვილმა განუცხადა, საწვავის გაძვირების გამო, რიგ ავიაგადამზიდავებს მოუწიათ ავიაბილეთებზე ფასები 20-25%-ით გაეზარდათ.
„ფასების მატება განსაკუთრებით შორ მანძილზე ფრენებზე შეინიშნება. კერძოდ, აშშ-ს, აზიისა და აფრიკის ქვეყნების მიმართულებით. ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, ფასების მატება შეინიშნება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბილეთებზეც, მათ შორის ევროპის მიმართულებით, თუმცა, ჯერჯერობით, ფასნამატი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც სხვა კონტინენტების შემთხვევაში“, - აღნიშნა სოფიო ნაცვლიშვილმა.
მან ტურისტული პაკეტების გაყიდვების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ზაფხულის ჯავშნების მიღება შენელებულია და წინა წლის მაჩვენებლებთან მიმართებით, ზრდა არ ფიქსირდება.
„წელს, ზაფხულის სეზონზე ისევ მოთხოვნადია თურქეთის, საბერძნეთის, კვიპროსის და სხვა ევროპული სახელმწიფოების საზღვაო კურორტები. სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს, უმეტესად, ჯავშნები. რაც შეეხება ჯგუფურ ტურებს, ზაფხულის სეზონზე ნაკლებად აქტუალურია და ამ კუთხით გააქტიურებას შემოდგომიდან ველოდებით“, - განმარტა TravelOnly-ის დირექტორმა.
ცნობისთვის, სხვადასხვა ანალიტიკური გამოცემის მიხედვით, 2026 წელს 2025 წელთან შედარებით, ტურიზმის გლობალური შემოსავლები 3-4%-ით უნდა გაზრდილიყო და მსოფლიო ეკონომიკაში 12 ტრილიონი დოლარი შეეტანა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ცხადია, ზრდის ეს მაჩვენებლები გადაიხედება.
როგორც ცნობილია, ამ სამხედრო კონფლიქტის გამო, გლობალური ტურიზმი დღეში, თითქმის, 600 მილიონ დოლარს კარგავს. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან სამხედრო კონფლიქტი მალე დასრულდება, რაც გლობალური ტურიზმის სექტორის აღდგენის მოლოდინს ქმნის.