ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპირებს ჩაატაროს კვლევა, რომლითაც ქვეყანაში მოქმედი, მშენებარე და დაგეგმილი სასტუმროებისა თუ სხვა ობიექტების სრული ინვენტარიზაცია მოხდება და ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება.

ამ მიზნით უწყებამ გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე ხელშეკრულება გაუფორმა შპს
"აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსს", რომელმაც 2026 წლის ნოემბრამდე კვლევის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება 370 157 ლარია (დღგ-ს ჩათვლით). შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კვლევა მოიცავს როგორც რეგისტრირებულ (სასტუმროები, ჰოსტელები), ისე არარეგისტრირებულ სექტორს (მაგ. Airbnb, აპარტამენტები). კვლევისას გამოყენებული იქნება კომბინირებული მეთოდები: სამაგიდო კვლევა, ციფრული სკანირება (Python-ის გამოყენებით), სატელეფონო (CATI) და პირისპირ (CAPI) გამოკითხვები.

კვლევამ ასევე უნდა გამოავლინოს ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა ობიექტების დატვირთვის მაჩვენებელი (Occupancy), საშუალო დღიური ფასი (ADR) და შემოსავალი თითოეულ ნომერზე (RevPAR).

ტურიზმის ადმინისტრაციას კვლევის ჩატარების აუცილებლობას ასე ასაბუთებს:

საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინდუსტრიის მდგრადი განვითარება და სახელმწიფო პოლიტიკის სწორი დაგეგმვა მოითხოვს ზუსტ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებს. კვლევის მთავარი მიზანია ქვეყანაში მოქმედი, მშენებარე და დაგეგმილი განთავსების ობიექტების სრულფასოვანი ინვენტარიზაცია და ერთიანი, სტანდარტიზებული მონაცემთა ბაზის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად ან კვარტალურად აკეთებს განთავსების ობიექტების აღწერას, არსებული მონაცემები არასრულია და საჭიროებს შევსებას. ამასთანავე, ბოლო წლებში განთავსების ობიექტების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა, ეროვნულ დონეზე სექტორის სრული სურათის დანახვა კვლავ დიდ მეთოდოლოგიურ გამოწვევად რჩება. ეს გამოწვეულია ბაზრის უკიდურესი ფრაგმენტაციითა და სპეციფიკური დინამიკით, რაც სტანდარტული, ტრადიციული აღწერის მეთოდებს (რომლებიც მხოლოდ რეგისტრირებულ ბიზნესებს ითვლის) არასაკმარისს ხდის.

კვლევის მიზანია საქართველოში განთავსების ობიექტების (მოქმედი, მშენებარე და დაგეგმილი) ბაზრის სრულყოფილი აღწერა, სტანდარტიზებული მონაცემთა ბაზის ფორმირება და მრავალგანზომილებიანი ანალიზი, რაც უზრუნველყოფს სექტორის სტრუქტურის, დინამიკისა და განვითარების ტენდენციების შეფასებას თანამედროვე ვიზუალური ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.

ვრცლად bm.ge – ზე