ავიაკომპანია Air New Zealand-მა ეკონომ-კლასის მგზავრებისთვის ინოვაციური მომსახურება, Skynest-ი („საჰაერო ბუდე“) დააანონსა, რაც ზეგრძელ რეისებზე სპეციალური საძინებელი მოდულებით სარგებლობას გულისხმობს. აღნიშნული სერვისი Boeing 787-9 ტიპის ხომალდებზე იქნება ხელმისაწვდომი და ვიზუალურად მატარებლის ღია კუპეს მოგვაგონებს, სადაც საწოლები სამ იარუსად არის განლაგებული.

Skynest-ის თითოეული ადგილი აღჭურვილია ბალიშით, თეთრეულით, განათებით, ვენტილაციითა და კონფიდენციალურობისთვის განკუთვნილი ფარდით. მომსახურება არ გულისხმობს მგზავრის ყოფნას საწოლში მთელი ფრენის განმავლობაში; ამის ნაცვლად, მგზავრებს შეუძლიათ დაჯავშნონ ოთხსაათიანი დასვენების სესია, რომლის ღირებულება დაახლოებით 250 ევროდან (495 ახალზელანდიური დოლარი) დაიწყება. ერთ რეისზე სულ ორი ასეთი სესია იქნება ხელმისაწვდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენისას დასვენებას მაქსიმუმ 12 მგზავრი შეძლებს.

კომპანიამ ამ პროექტის განვითარებას თითქმის ათი წელი დაუთმო. საძინებელი მოდულების დაჯავშნა 2026 წლის მაისიდან დაიწყება, ხოლო უშუალოდ ფრენების შესრულება ნოემბრიდან იგეგმება, პირველ ეტაპზე ოკლენდსა და ნიუ-იორკს შორის არსებულ მარშრუტზე. მათთვის, ვისაც უფრო ხანგრძლივი დასვენება სურს, ავიაკომპანია კვლავ ინარჩუნებს Economy Skycouch-ის სერვისს, რომელიც სამი მეზობელი სავარძლის ერთ ჰორიზონტალურ საწოლად გარდაქმნას გულისხმობს.

წყარო: avianews.ge