დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ პარტიამ „არასაჭირო შეცდომები დაუშვა“, თუმცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
სტარმერის თქმით, მისმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც სწორი იყო ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ირანის ომში ჩართვის თავიდან აცილების თვალსაზრისით.
„ჩვენ ასევე დავუშვით არასაჭირო შეცდომები. ჩემი ამოცანა ახლა არის, განვსაზღვრო ნაბიჯები, რომლებსაც გადავდგამთ იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რასაც ხალხი მოითხოვს და იმსახურებს“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
კითხვას, განიხილავს თუ არა თანამდებობის დატოვებას, სტარმერმა უპასუხა:
„არა. მე არ ვაპირებ წასვლას. ჩვენ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად აგვირჩიეს და ზუსტად ამას გავაკეთებთ“.
ცნობისთვის, ბრიტანეთის ადგილობრივ აჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს. ადგილობრივი მედიის თანახმად, ფარაჯის პარტიას საბჭოებში ამ დროისთვის 390 ადგილი აქვს. მეორე და მესამე ადგილებს ლეიბორისტული პარტია და კონსერვატორები იყოფენ, რომლებსაც საბჭოებში 253-253 ადგილი აქვთ.