ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 50%, შესაძლოა, ალერგიის სულ მცირე ერთი ფორმით დაავადდეს, რაც მკვეთრი ზრდაა დღევანდელ 30%-თან და 1980-იან წლების 5-10%-იან მაჩვენებლებთან შედარებით.
ექსპერტები ამას „ჩუმ ეპიდემიას“ უწოდებენ და ურბანიზაციას, კლიმატის ცვლილებასა და ცხოვრების წესის შეცვლას უკავშირებენ.
ალერგოლოგმა და ასთმისა და ალერგიის საფრანგეთის ასოციაციის წევრმა სოფი სილკრე-გრიემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებში სულ უფრო მეტი პაციენტი მკურნალობს ალერგიით, დაწყებული რესპირატორული ალერგიითა და ატოპიური დერმატიტით, და დამთავრებული საკვებისმიერი ალერგიით.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ურბანიზაციაა, რაც ამცირებს ბავშვების ბუნებასთან და ბუნებრივ მიკრობულ გარემოსთან კონტაქტს. ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ფერმებში გაზრდილ ბავშვებს ალერგიის განვითარების უფრო დაბალი რისკი აქვთ, ვიდრე ქალაქებში მცხოვრებ ბავშვებს, რადგან მათი იმუნური სისტემა ადრეულ ეტაპზევე ეჩვევა ნიადაგსა და პირუტყვის გარემოში არსებულ ბაქტერიებს.
კლიმატის ცვლილება ასევე განიხილება, როგორც ალერგიის გამწვავების ფაქტორი -ტემპერატურის მატება ახანგრძლივებს მტვრის სეზონს და მრავალი ალერგენული მცენარე, როგორიცაა ამბროზია და კვიპაროსი ჩრდილოეთ ევროპაში ვრცელდება.
ჰაერის დაბინძურება ასევე ხელს უწყობს ალერგიული დაავადებების ზრდას. სატრანსპორტო საშუალებებისა და ინდუსტრიის გამონაბოლქვი აღიზიანებს კანს და სასუნთქ გზებს, რაც ორგანიზმს ალერგენების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის. გარდა ამისა, ოზონი და აზოტის დიოქსიდი ცვლის მტვრის მარცვლების სტრუქტურას, რაც მათ იმუნური სისტემის მიმართ უფრო აგრესიულს ხდის.
გარდა ამისა, თანამედროვე კვების რაციონში ცვლილებებმა ასევე გაზარდა ალერგიის განვითარების რისკი. ექსპერტები აღნიშნავენ კივის, სეზამის მარცვლების და სხვა მრავალი იმპორტირებული საკვების მიმართ ალერგიის ზრდას.
კერძოდ, ითვლება, რომ ულტრა-დამუშავებული საკვები, როგორიცაა ინდუსტრიულად წარმოებული პიცა, ძლიერად შემწვარი ხორცი ან მრავალი დანამატის შემცველი საკვები, ასუსტებს იმუნურ სისტემას.
ექიმები ადამიანებს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი ალერგიული რეაქცია, თუნდაც მსუბუქი, მარტივ პრობლემად არ უნდა აღიქვან,, რადგან მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ დროულად არ მოხდება მისი კონტროლი და მკურნალობა.
ჯანმოს განცხადებით, ახალი მოლეკულური ტესტებისა და ბიოლოგიური თერაპიების წყალობით, მძიმე ალერგიების მკურნალობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. თუმცა, მკურნალობის ღირებულება მაღალი რჩება. მეცნიერები ახლა ვარაუდობენ, რომ შემდეგი გარღვევა იქნება ალერგიის ვაქცინები, რადგან ზოგიერთი ცხოველებზე ჩატარებული კლინიკური კვლევები იმედის მომცემ შედეგებს აჩვენებს.