ლაოსში, გიგანტურ ქვის დოქში დაკრძალული სულ მცირე 37 ადამიანის ნეშტი იპოვეს, რაც ცვლის ჩვენს წარმოდგენას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, უძველესი ლანდშაფტის შესახებ.

ცენტრალურ ლაოსში, სინგხუანგის პლატოს გარშემო განლაგებულია ათასობით გიგანტური ქვის ქილა, რომელთა სიმაღლეც სამ მეტრამდე აღწევს და რამდენიმე ტონას იწონის. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ქილების ველი უძველესი მეგალითური ძეგლი იყო, მაგრამ იდუმალებით მოცული რჩებოდა, ვინ და რისთვის გააკეთა ეს ქილები.

„მათთან უამრავი უძველესი თქმულებაა დაკავშირებული, მაგალითად, ერთ-ერთის თანახმად, ისინი გიგანტურმა ხალხმა გააკეთა, რომლებიც მათ ბრინჯის ღვინის დასაყენებლად იყენებდნენ“, — ამბობს ავსტრალიის ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის მკვლევარი ნიკ სკოპალი.

1930-იან წლებში ჩატარებული კვლევებით გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ქილები დაკავშირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რკინის ხანასთან, ძვ. წ. 500 – ახ. წ. 500 წლებში და მათ სხეულების კრემაციისთვის ან დასამარხად იყენებდნენ. ბოლოდროინდელ კვლევებში იპოვეს მინის მძივები, სხვა სამკაულები და რამდენიმე კრემირებული სხეული, ასევე სამარხები ქილების ახლოს, მაგრამ არა უშუალოდ მათში.

ამჯერად, სკოპალმა და მისმა კოლეგებმა ბევრი ადამიანის მჭიდროდ ჩალაგებული ნაშთი იპოვა ლაოსის ქალაქ ფონსავანის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ქილაში, რომლის სიმაღლეც 1,3 მეტრია, სიგანე კი ორ მეტრზე მეტი. ქილაში ჩალაგებული იყო 19 ადამიანის მარჯვენა ბარძაყის ძვალი და თავის ქალა, ასევე 37 ადამიანის კბილი.

ნიმუშების რადიონახშირბადულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ ნეშტები დაკრძალული იყო მრავალ ფაზად, 270 წლის განმავლობაში, ახ. წ. მე-9 – მე-12 საუკუნეებს შორის.

ნეშტები მჭიდროდ იყო ჩაწყობილი, სავარაუდოდ სხვა ადგილას პირველადი ხრწნის შემდეგ. გრძელი ძვლები ქილის კიდეებისკენ ელაგა და ჩონჩხებს აკლდა მრავალი პატარა, მყიფე ძვალი.

„წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. თითქმის 100-წლიანი ვარაუდის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დასტურდება, რომ ეს ქილები უდავოდ კავშირშია დაკრძალვის პრაქტიკასთან“, — ამბობს ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის მკვლევარი ნაიჯელ ჩანგი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

ძირითადი, დიდი ქილიდან დაახლოებით 500 მეტრში პატარა ქილების ჯგუფია, რომელთაგან ზოგიერთში მინის მძივები აღმოაჩინეს. სკოპალის ვარაუდით, ადამიანის გვამებს ჯერ პატარა ქილებში დებდნენ, სადაც იქამდე აჩერებდნენ, ვიდრე ხორცი გაიხრწნებოდა, შემდეგ კი ძვლები დიდ ქილაში გადაჰქონდათ.

„იყო თუ არა ქვის ქილები ადგილი, სადაც სული უნდა გამოსულიყო და სიკვდილის შემდეგი სიცოცხლისთვის მომზადებულიყო? ქილაში აღმოჩენილ ნეშტებს დნმ-ის ტესტებს ვუტარებთ, რაც წარმოდგენას შეგვიქმნის იმის თაობაზე, თუ ვინ იყო ეს ხალხი და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან“, — ამბობს სკოპალი.

ნიმუშების დათარიღება აჩვენებს, როდის გამოიყენებოდა ეს ქილები, მაგრამ ვერ გვეუბნება, როდის დაამზადეს ისინი.

„როგორც ჩანს, ცხადი ხდება, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ქილების გარშემო ბევრი აქტივობა მიმდინარეობდა. თუმცა, ჩემი აზრით, ქილები გაცილებით ძველია, 2000 წლის ან უფრო ადრინდელი“, — ამბობს ჩანგი.

სკოპალის განცხადებით, სამწუხაროდ, თავად ქილების დათარიღება შეუძლებელია, მაგრამ მისმა ჯგუფმა დაათარიღა ქილების გარეთ აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელთა ასაკიც ამ ქილების შიგთავსისას ემთხვევა, რაც მიუთითებს, რომ ქილები მაშინ დაამზადეს, როცა მათში პირველად ჩაალაგეს სხეულები. მისივე თქმით, ეს მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს უფრო შუა საუკუნეების კულტურასთან და არა რკინის ხანის.

სკოპალი ფიქრობს, რომ ეს პრაქტიკა წინაპართა დამკრძალავი რიტუალების ნაწილი იყო, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თუმცა, ამბობს იმასაც, რომ ლაოსში ეს ქილები მრავალი სხვადასხვა სახისაა, ამიტომ, სავარაუდოდ, უფრო ფართო ტრადიციის ფარგლებში არსებობდა მათი გამოყენების სხვადასხვაგვარი გზები. ზოგიერთ ადგილას ქილები ძირითადად ფეხზე დგას და მრავალი მათგანი ცარიელია (სავარაუდოდ ძარცვის გამო), ზოგ ადგილას კი გვერდულად დევს და შიგნიდან ვიწროა. სკოპალის აზრით, ეს მიუთითებს რეგიონებს შორის ან დროთა განმავლობაში რიტუალებს შორის განსხვავებებზე.

„ძლიერ სავარაუდოა, რომ ამ ქილებს მრავალი სხვადასხვა კულტურული ჯგუფი იყენებდა, ანდაც ეს იყო ერთი კულტურა, რომელიც მათ დასაკრძალად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა“, — ამბობს ინდოეთის ნაგალანდის უნივერსიტეტის მკვლევარი ტიატოში ჯამირი.

სკოპალის ჯგუფმა ქილებში ასევე აღმოაჩინა რკინის იარაღები, თიხის ჭურჭელი, სპილენძის ბაზაზე დამზადებული ზარი და მინის მძივები. ქიმიურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ეს მძივები სამხრეთ ინდოეთსა და მესოპოტამიაშია დამზადებული, რაც მიუთითებს შორ მანძილზე მოგზაურობასა და ვაჭრობაზე.

მისი თქმით, ეს მოულოდნელობა არაა, გამომდინარე იქიდან, რომ ახ. წ. 1000 წელი აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის აყვავების პერიოდი იყო; მათ შორის იყო სონგის დინასტია და დალის სამეფო ჩინეთში, ქმერების იმპერია და პაგანის სამეფო თანამედროვე მიანმარის ტერიტორიაზე.

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰილის უნივერსიტეტის მკვლევარი მარკო მიტრი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, 1000 კილომეტრის მოშორებით არსებულ ასეთივე ქილებს იკვლევს, ამბობს, რომ არქეოლოგია თანდათან ავლენს ვრცელ კულტურულ ტრადიციას.

მისი ვარაუდით, ამ დამკრძალავ ტრადიციას ასეულობით წლის განმავლობაში მისდევდა ვრცელი ავსტროაზიული მოსახლეობა; ასეთ ტრადიციას ინდოეთში დღემდე მისდევს ავსტროაზიული ჯგუფი, სახელად ხასი, რომელიც კრემაციის შემდეგ ძვლებს ქილებში ინახავს.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი