მარსზე აღმოჩენილმა უცნაური ტექსტურის მქონე რეგიონმა NASA-ს მეცნიერები აღაფრთოვანა.

კრატერ ანტოფაგასტაში გადაადგილებისას, მავალმა Curiosity-მ პლანეტის ზედაპირზე აღმოაჩინა უცნაური ტექსტურის მქონე ქანები. ერთი შეხედვით, ისინი ქვეწარმავლის ქერცლებს ჰგავს, თითქოს ერთ დროს იქ ტალახში დრაკონი იწვა.

პროექტის მეცნიერი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან, აბიგაილ ფრაემანი მას „ფიჭის ფორმის მრავალკუთხედებს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ მოზაიკების რაოდენობა ათასობითაა.

„მრავალკუთხა მახასიათებლის მქონე ქანები მარსზე აქამდეც გვინახავს. თუმცა, Curiosity-ს კამერა Mastcam-ის მიერ გადაღებულ მოზაიკებში ისინი ასე დრამატულად უხვად არ ჩანდნენ“, — წერს ფრაემანი.

ვინაიდან აღმოჩენა უახლესია, ფოტო 2026 წლის 13 აპრილსაა გადაღებული, მეცნიერებს დრო დასჭირდებათ იმის უფრო ზუსტად დასადგენად, რა შეიძლება იყოს ის და როგორ შეიძლება წარმოქმნილიყო. თუმცა, უკვე არსებობს გარკვეული მინიშნებები.

აქ, დედამიწაზე, მრავალკუთხა წარმონაქმნები შედარებით უხვადაა. როგორც წესი, ისინი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მიწის ზედაპირი გაუჩერებლად ფართოვდება და იკუმშება, ხშირად მას შემდეგ, რაც ის წყლით გაჯერდება და შემდეგ გაშრება.

მაგალითად, ამ ფოტოებზე მათ ხედავთ დამშრალი ტალახიანი გუბის ფსკერზე. მათ გამოშრობის ბზარების ნიმუშებს უწოდებენ.

ასეთივე მექანიზმი მოქმედებს მიწის გაყინვისას; ამ დროს, მასში არსებული ყინული ფართოვდება და იკუმშება. ასე ხდება მაგალითად ანტარქტიდაზე.

მარსზე გამოშრობის ბზარების ნიმუშები გაცილებით იშვიათია.

წითელმა პლანეტამ ზედაპირის წყალი დიდი ხნის წინ დაკარგა; ასეთი ბზარები იქ პირველად გეილის კრატერში, დაახლოებით ათი წლის წინ აღმოაჩინა Curiosity-მ.

თუმცა, ანტოფაგასტის კრატერში ეს წარმონაქმნები ცოტა სხვანაირია.

2023 წელს, მარსზე, ადგილში, რომელსაც პონტურსს უწოდებენ, აღმოაჩინეს საკმაოდ კარგად შემონახული, რეგულარული ექვსკუთხედის ფორმის წარმონაქმნები, რომლებიც საოცრად ჰგავს ახლა ანტოფაგასტის კრატერში აღმოჩენილებს.

პონურსის ფორმაციის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, იქ დაფიქსირებული სურათი არა მხოლოდ ერთი, არამედ მრავალი წვიმის შედეგია.

სველი ტალახი, რომელიც მხოლოდ ერთხელ შრება, T-ს ფორმის ბზარებს წარმოქმნის. განმეორებითი გამოშრობის ციკლების დროს, ბზარები Y-ის ფორმას იღებენ. ეს ბზარები იზრდება და სხვა ბზარებს უერთდება, რითაც საბოლოოდ მიიღება ქვსკუთხა წარმონაქმნები.

ეს კი მიუთითებს სეზონურ ან ციკლურ გარემო პირობებზე; შემდეგ, როცა უძველესი მარსის კლიმატი შეიცვალა, ფიჭის მსგავსი წარმონაქმნები გაქვავდა და თითქოს Curiosity-ს უცდიდა, რომ მილიონობით წლის შემდეგ ეპოვა.

პონტურსისა და ანტოფაგასტის ბზარებს შორის გარკვეული სხვაობაა. როგორც ფრაემანი აღნიშნავს, ანტოფაგასტაში ნიმუშები უფრო ვრცელია, ამაღლებული ქედებით, რაც შეიძლება მიუთითებდეს პროცესის ოდნავ განსხვავებულ პროცესზე მათი წარმოქმნის დროს.

მარსზე ასეთი ქედები შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როცა უძველეს ბზარებს მინერალები ავსებს და შემდეგ ეროზიას უფრო ეფექტიანად უძლებს, ვიდრე სხვა მიმდებარე ქანები.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანტოფაგასტის კრატერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მარსზე ერთ დროს ნამდვილად არსებობდა ნალექიანი და მშრალი ამინდის ციკლები.

მომზადებულია science.nasa.gov-ის მიხედვით

წყარო: პირველი არხი