ევროპის რამდენიმე ქვეყანაში პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროინდელი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპაში მასშტაბური ხანძრებისა და ძლიერი გვალვის ფონზე საფრანგეთის ქალაქ ბორდოსთან, ასევე ბელგიის ლიეჟის პროვინციაში ძველი, პოტენციურად საშიში სამხედრო საბრძოლო მასალა გამოვლინდა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ხანძრების შედეგად გამოწვეული აფეთქებები უკვე დაფიქსირდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. ამავე ცნობით, ძლიერი სიცხე და ხანძარი პირველი და მეორე მსოფლიო ომებიდან დარჩენილი აუფეთქებელი ბომბებისა და სხვა საბრძოლო მასალის აფეთქების დამატებით საფრთხეს ქმნის.

ამასთან, გვალვის გამო მდინარეებში წყლის დონის კლების შედეგად გამოჩნდა იმ პერიოდის სამხედრო ტექნიკა და იარაღი, მათ შორის გერმანული სამხედრო ხომალდები, ვერმახტის მოტოციკლი და ბომბი.

ექსპერტთა შეფასებით, კლიმატის ცვლილება ძველი სამხედრო ნარჩენების ხელახლა გამოვლენას და, ზოგიერთ შემთხვევაში, გააქტიურებას უწყობს ხელს.

1tv.ge