SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ამ დრომდე არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა, Starlink-ის სატელიტური ქსელის გამოყენება შესაძლებელი გახდეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ოპერაციებისთვის. ამის შესახებ The Atlantic წერს უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გარემოცვაზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ფედოროვი მასკთან არაფორმალური არხებით აგრძელებს კომუნიკაციას, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის.

The Atlantic-მა ჯერ კიდევ 30 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივლისს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტს, მასკთან შუამდგომლობა გაეწია. უკრაინას სურს Starlink-ის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სარაკეტო გამშვები სისტემების წინააღმდეგ ოპერაციებში. ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ საკითხს განიხილავდა და მასკს დაელაპარაკებოდა, თუმცა მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. თავად მასკმა და SpaceX-მა გამოცემის კითხვებს პასუხი არ გასცეს.

7 აგვისტოს გამოქვეყნებულ ახალ მასალაში The Atlantic წერს, რომ ფედოროვის მოკავშირეები კვლავ ცდილობენ მასკის პოზიციის შეცვლას, თუმცა უშედეგოდ. გამოცემის წყაროების თანახმად, მასკს რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ის გამოყენების გაფართოება ომის შემდგომი ესკალაციის რისკად მიაჩნია და უკრაინულ მხარეს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.

უკრაინის მოთხოვნის არსებობას დამოუკიდებლად ადასტურებს Associated Press-იც. სააგენტო 8 აგვისტოს წერს, რომ ზელენსკი ცდილობს მასკისგან მიიღოს თანხმობა Starlink-ის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე იმ ობიექტების წინააღმდეგ, საიდანაც ბალისტიკური რაკეტები იშვება. ეს ინიციატივა განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების დამჭერი რაკეტების დეფიციტის ფონზე.

Starlink უკრაინის სამხედრო კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემაა. Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ათიათასობით Starlink-ის ტერმინალს იყენებენ. 2026 წლის დასაწყისში ფედოროვი SpaceX-თან თანამშრომლობდა იმისთვისაც, რომ რუსეთის მიერ Starlink-ის არაავტორიზებული გამოყენება შეეზღუდათ.

ამჟამად SpaceX ზღუდავს Starlink-ის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინას ქსელის გამოყენება შეუძლია საკუთარ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ რეგიონებში.

წყაროები:


https://www.theatlantic.com/national-security/2026/07/zelensky-asked-trump-for-a-favor-from-elon-musk/688122/


https://www.theatlantic.com/national-security/2026/08/ukraine-war-zelensky-trump/688203/


https://apnews.com/article/russia-ukraine-war-missiles-patriot-zelenskyy-492d334e26b5485dbf74d7ae9c9d33ce


https://www.reuters.com/business/aerospace-defense/who-is-ukraines-mykhailo-fedorov-dismissed-defence-minister-2026-07-16/


https://www.reuters.com/sustainability/sustainable-finance-reporting/musk-says-steps-stop-russia-using-starlink-have-worked-2026-02-01/