აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ დღეს ირანისგან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხს ელოდება.

„ვიმედოვნებ, სერიოზული შეთავაზება იქნება“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მისივე თქმით, ირანი თუ მართლაც გეგმავს, ჰორმუზის სრუტეში მოძრავ გემებს გადასახადი დაუწესოს, აშშ-სთვის ეს „მიუღებელი“ იქნება.

ამასთან, როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრაზე იტალიიდან ამერიკული ჯარების შესაძლო გაყვანის საკითხი არ განუხილავთ.

ამასთან, გერმანიიდან 5 000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანაზე საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ ეს მთლიანი კონტინგენტის მხოლოდ 14%-ია.

მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს ნატო-ს იმ წევრების მიმართ, რომლებმაც ირანზე სამხედრო ოპერაციის დროს ამერიკას თავიანთი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს.

„ნატო-ში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროპაში ჯარების განლაგება თუ არის, იმისთვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სხვა რეგიონებშიც შევძლოთ ოპერაციების წარმოება და ახლა გარკვეული წევრების მხრიდან ეს შეუძლებელი გახდა, პრობლემაა და განხილვა სჭირდება“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ის „ნატოს მტკიცე მხარდამჭერია“, თუმცა „ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ“, მაგალითად, ესპანეთმა, „უარი თქვა ბაზების გამოყენებაზე ძალიან მნიშვნელოვანი, გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის“. მისივე თქმით, ამან „არასაჭირო საფრთხეები შექმნა“ აშშ-სთვის, რადგან ის ირანის წინააღმდეგ შეტევის განხორციელებას ცდილობდა.

1tv.ge