რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 9 მაისს სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
„როგორც ცნობილია, სამხედრო აღლუმი გაიმართება. პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. სამხედრო ტექნიკის დემონსტრირების გარდა ყველაფერი ჩვეულებრივად ჩატარდება“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, რუსეთს აღლუმზე დასწრების მიზნით უცხოელი სტუმრებისთვის სპეციალური მიწვევა არ გაუგზავნია.
კრემლმა იმ „დელეგაციების ხელმძღვანელების“ სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩავლენ.
სიაში არიან ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. ლიდერები, ალან გაგლოევი და ბადრა გუნბა.
ასევე, რუსეთში ჩავლენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ლაოსის ლიდერი თხონგლუნ სისულიტი, მალაიზიის მმართველი სულთან იბრაჰიმი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის ლიდერი სინიშა კარანი, ყოფილი ლიდერი მილორად დოდიკი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნენად სტევანდიჩი.