აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პარასკევს განაცხადა, რომ მან პარიზში გამართულ “დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე კოლეგებთან ერთად კუბაში არსებული ვითარება განიხილა.

რუბიომ თქვა, რომ კომუნისტური მმართველობის მქონე კუნძულის ეკონომიკა ცვლილებებს საჭიროებს და რომ ეს არ შეიცვლება, სანამ არ შეიცვლება მმართველობის სისტემა. ელექტროენერგიის გათიშვა კი კუბის მოძველებული ინფრასტრუქტურის ბრალია, დასძინა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ასევე, რომ სპარსეთის ყურეში ომი, სავარაუდოდ, გასტანს კვირების და არა თვეების განმავლობაში და ვაშინგტონს შეუძლია ყველა თავისი მიზნის მიღწევა სახმელეთო ჯარების გამოყენების გარეშე.

საფრანგეთში ამ შეხვედრის შემდეგ, რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი „ამ ოპერაციას ატარებს გრაფიკის შესაბამისად ან უსწრებს გრაფიკს და მოელის, რომ ის აქ შესაბამის დროს დასრულდება - ეს კვირების და არა თვეების საკითხია“.

მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა, რომ ვაშინგტონს შეეძლო თავისი მიზნების მიღწევა სახმელეთო ჯარების გარეშე, რუბიომ აღიარა, რომ ის განალაგებს გარკვეულ ძალებს რეგიონში, „რათა პრეზიდენტს მისცეს მაქსიმალური არჩევანის საშუალება და მაქსიმალური შესაძლებლობა, მოაგვაროს გაუთვალისწინებელი ვითარებები, თუ ისინი წარმოიქმნება“.

ვაშინგტონმა რეგიონში ათასობით საზღვაო ქვეითისგან შემდგარი ორი კონტინგენტი გაგზავნა, რომელთაგან პირველი, მარტის ბოლოს, უზარმაზარი სადესანტო ხომალდით ჩავა. სავარაუდოდ, პენტაგონი ასევე ათასობით ელიტარულ საჰაერო-სადესანტო ჯარისკაცს განათავსებს იქ.


ჯარების განლაგებამ შეშფოთება გამოიწვია, რომ საჰაერო ომი, რომელმაც უკვე შეაფერხა გლობალური ენერგომომარაგება, შეიძლება გადაიზარდოს ხანგრძლივ სახმელეთო ბრძოლაში.

თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კვირაში ასევე ხაზი გაუსვა იმას, რასაც მან უწოდა პროდუქტიული მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მიღწევას, მიუხედავად თეირანის არაერთი განცხადებისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ ელოდება ირანისგან ოფიციალურ პასუხს ამ კვირაში გაგზავნილ 15-პუნქტიან წინადადებაზე.

„ირანული სისტემისგან, რაც მისგან დარჩა, ჩვენ გვქონდა შეტყობინებებისა და მინიშნებების გაცვლა გარკვეულ საკითხებზე საუბრის მზაობის შესახებ“, - თქვა რუბიომ. „ჩვენ ველოდებით დამატებით განმარტებებს იმის შესახებ... ვისთან ვისაუბრებთ, რაზე ვისაუბრებთ და როდის ვისაუბრებთ“.

ხუთშაბათს, ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის ვადა 10 დღით გაუხანგრძლივა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამოქალაქო ენერგეტიკულ ქსელზე თავდასხმები მოხდება. მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგად მიმდინარეობს“.

საკითხში გათვითცნობიერებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპს და თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს თანამოსაუბრეების საშუალებით აცნობეს, რომ ირანის საპასუხო წინადადება, სავარაუდოდ, პარასკევს საღამოს მოვა.

აშშ-ის წინადადება, რომელიც ორი დღის წინ პაკისტანის გავლით გაიგზავნა, როგორც იტყობინებიან, მოიცავს მოთხოვნებს, დაწყებული ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების დახურვიდან, დამთავრებული ენერგომომარაგების მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტის კონტროლზე უარის თქმით.

მიუხედავად იმისა, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ უარყვეს აშშ-თან მოლაპარაკება, მათ განაცხადეს, რომ ღიად ტოვებენ არხებს მესამე ქვეყნების საშუალებით შეტყობინებების გასაცვლელად.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა 26 მარტს Reuters-ს განუცხადა, რომ მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის წინადადება განიხილეს და მიაჩნიათ, რომ ის მხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის ინტერესებს ემსახურებოდა, თუმცა მოლაპარაკების შესაძლებლობა არ დასრულებულა.

ირანის მედია იტყობინებოდა ირანის ექსპლუატაციიდან გამოსულ მძიმე წყლის ბირთვულ კვლევით რეაქტორსა და ურანის კონცენტრატის საწარმოზე დარტყმების შესახებ 27 მარტის გვიან საღამოს, თუმცა მათი თქმით, არცერთი თავდასხმისგან რადიაციული გაჟონვა არ მომხდარა.

ომი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა, ათასობით ადამიანი დაიღუპა და ენერგომომარაგების უდიდესი შეფერხება გამოიწვია ისტორიაში, რამაც გლობალურ ეკონომიკას დაარტყა ნავთობის, გაზისა და სასუქების ფასების მკვეთრი ზრდით, რამაც, თავის მხრივ, ინფლაციის შიში გააძლიერა.

ირანში 1900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 20 000 დაშავდა, განაცხადა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა, მარია მარტინესმა.

ლიბანში ირანის მოკავშირის, ჰეზბოლას მიერ ისრაელზე თავდასხმებს მოჰყვა ასევე ისრაელის იერიში ლიბანის წინააღმდეგ, რამაც ლიბანის მოსახლეობის მეხუთედი აიძულა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ირანის შორი მანძილის დარტყმის შესაძლებლობების განეიტრალებას შეუდგა, მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ ქვეყნის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი განადგურებულია, განუცხადა Reuters-ს ხუთმა პირმა, რომლებსაც აშშ-ის დაზვერვის მონაცემებს იცნობენ.

საფონდო ბირჟები პარასკევსაც განაგრძობდა ვარდნას, ხოლო Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი 112 დოლარს მიუახლოვდა, ანუ 50%-ზე მეტით გაიზარდა ომის დაწყების შემდეგ.

www.radiotavisupleba.ge