ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ მოამზადა საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც თავად თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს სატელეფონო საუბრების ხარჯებს აუნაზღაურებენ.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც შემდეგ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, საკრებულო თანამდებობის პირების უფლებამოსილების განხორციელების ხარჯს გაანაწილებს.

პროექტის მიხედვით, ლიმიტები ასე გადანაწილდა:

საკრებულოს თავმჯდომარე სატელეფონო ხარჯებისთვის ფულს თავისი ხელფასიდან, ანუ 9600 ლარიდან კი არ დახარჯავს, მას ბიუჯეტიდან 70 ლარი ჩაერიცხება თვეში. ერთ წელში ეს თანხა 840 ლარი იქნება. საკრებულოს ორივე მოადგილე ტელეფონისთვის თვეში 60-60 ლარს მიიღებს.

საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის 50-50 ლარი განსაზღვრეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 9600 ლარია, მისი პირველი მოადგილის ხელფასი – 8000 ლარი, მეორე მოადგილის ხელფასი კი 7200 ლარით განსაზღვრეს.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 5600 ლარია. ამდენივეა ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი 4000 ლარს იღებს ხელფასის სახით.

ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 22 წევრი „ოცნებიდან“ შევიდა, ყველა თანამდებობის პირია. ასე მოხერხდა.

3 ოპოზიციონერია.

სხდომა 30 მარტს  უნდა გაიმართოს.