მართალია, კონკლავის დროს მთელი მსოფლიო ლეგენდარული სიქსტეს კაპელადან თეთრი კვამლის ამოსვლის მოლოდინშია, მაგრამ არანაკლები ინტრიგის შემცველია კარდინალების კვების საკითხი. პაპის კონკლავზე განვითარებული მოვლენების საიდუმლოდ შენახვა მხოლოდ საუბრებს არ ეხება - ის მაგიდებზე, ხელსახოცებზე და საკვების მიწოდების წესზეც კი ვრცელდება.
რა არის აკრძალული და რატომ
სიტყვა „კონკლავი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვა cum clave-დან („გასაღებით“), რაც პაპის არჩევის დროს კარდინალების სრულ იზოლაციაზე მიანიშნებს. კონკლავის მიმდინარეობისას, კარდინალების კვების რაციონიც კი მკაცრად რეგულირდება, თუმცა, არა გასტრონომიული მიზეზებით, არამედ გარე ზეგავლენისა და ინფორმაციის გაჟონვისგან პროცესის დასაცავად.
კონკლავის დროს, პაპის არჩევნებში ჩართული კარდინალები გარე სამყაროსგან მთლიანად არიან იზოლირებულნი. მათი საკვები გულდასმით მოწმდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი მეშვეობით რაიმე შეტყობინების მიწოდება არ მოხდეს ან რაიმე სახის კომუნიკაცია არ განხორციელდეს.
ამ შემთხვევაში, რაიმე გადაჭარბებულთან არ გვაქვს საქმე - ამ წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესის მთლიანობის შესანარჩუნებლად.
ვინ ამზადებს საკვებს და როგორ მზადდება ის
საკვები მზადდება პაპის რეზიდენციაში - სანტა მარტას სახლში, სადაც კარდინალები კონკლავის დროს ცხოვრობენ. მენიუ უბრალოა, მაგრამ ადეკვატური: შემწვარი ქათამი, სალათები, ხილი და მაკარონი.
მზარეულები ვატიკანისთვის სანდო პირები არიან - ხშირად, მონაზვნები ან სერტიფიცირებული პერსონალი. გარე სამყაროსთან მათი კომუნიკაცია შეზღუდულია, კარდინალებისთვის საკვების მიწოდება კი ზედამხედველობის ქვეშ ხდება.
სრული იზოლაცია
კარდინალებს არ აქვთ მობილური ტელეფონები, კომპიუტერები ან ახალ ამბებზე წვდომა. გარედან წერილების ან სპეციალური ნივთების მიღებაც კი აკრძალულია, რათა ნებისმიერი შესაძლო პოლიტიკური თუ გარე ზეგავლენა გამოირიცხოს.
აქ საკვები მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის - ის სულიერი და მორალური ციხე-სიმაგრის ნაწილია, რომლის ერთადერთი მიზანი რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებაა.
კონკლავი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელზეც ადამიანებს საკვები კი არ აერთიანებს, არამედ პირიქით - აცალკევებს, რათა გარე ჩარევის გარეშე უსმინონ იმას, რასაც ღმერთის ხმად მიიჩნევენ. ამ დროს საკვებს სიამოვნების კი არა, არამედ რიტუალური ფუნქცია აკისრია - არავითარი რავიოლი, არავითარი საიდუმლოებები, არავითარი გარე ხმაური.
ცნობისთვის, იტალიური პრესა ჯორჯია მელონისა და ემანუელ მაკრონს შორის დაპირისპირებაზე წერს, რამაც ვატიკანის კულისებში ფრანცისკეს მემკვიდრის არჩევაზე შეიძლება მოახდინონ გავლენა. ცენტრისტული გამოცემების მტკიცებით, იტალიის მთავრობის მეთაური და პოსტფაშისტური პარტია „იტალიის ძმების“ (Fratelli d'Italia) თანადამფუძნებელი ჯორჯია მელონი, იმისთვის, რომ რომის ახალ პაპად კონსერვატორული შეხედულებების მქონე კარდინალი აირჩიონ, ფარულად აღვივებს ინტრიგებს. თავის მხრივ, მემარჯვენე გაზეთები იუწყებიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბერალურად განწყობილი კარდინალის დაწინაურებას ცდილობს.
არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკული დაფინანსება ზოგჯერ ვატიკანზე ზეწოლის საშუალება ხდება. ვატიკანის დაფინასების მესამედი შეერთებულ შტატებზე მოდის.
კონკლავამდე 3 დღე რჩება. რომის ახალი პაპი 7 მაისს უნდა აირჩიონ.
ცნობისთვის, აშშ-ის მოქმედი რიგით 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს.
1tv.ge