პაპის კონკლავი 7 მაისს დაიწყება. ეს დახურული პროცესი სიქსტის კაპელაში ჩატარდება, არჩევნებში კი 133 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესის ბევრი დეტალი საიდუმლოა, ცნობილია, რომ ყოველდღიურად ხმის მიცემის ოთხი ეტაპი ჩატარდება, სანამ ერთ-ერთი კარდინალი ხმების უმრავლესობას, 2/3-ს, არ მოიპოვებს.

ეს პროცესი, როგორც წესი, 15-დან 20 დღემდე გრძელდება.

ერთი კვირით ადრე, სანამ რომის ახალი ეპისკოპოსის არჩევის პროცესი დაიწყება, ვინ არიან ის კარდინალები, რომლებიც „პაპაბილეს“ ანუ პაპის სავარაუდო კანდიდატებად ითვლებიან და შესაძლოა რომის კათოლიკურ ეკლესიას უხელმძღვანელონ?

კარდინალი პიეტრო პაროლინი – 70 წლის იტალიელი კარდინალი პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი იყო, რაც მას, ფაქტობრივად, წმინდა საყდრის პრემიერ-მინისტრად აქცევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატთან, პაროლინი ბევრად უფრო მოკრძალებულია ხასიათით და ხელმძღვანელობის უფრო დიპლომატიური მეთოდი ახასიათებს, ვიდრე პაპ ფრანცისკეს ჰქონდა. მას კარგად ესმის, თუ როგორ და საით უნდა წავიდეს კათოლიკური ეკლესია.

პაროლინის კარდინალის წოდება პაპმა ბენედიქტემ XVI-მ უბოძა. ის კარგად იცნობს ლათინური ამერიკის ეკლესიას და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2014 წელს აშშ-კუბის დაძაბულობის განმუხტვაში.

1980 წელს კარდინალად კურთხევის შემდეგ ორი წელი იმუშავა მღვდლად თავისი მშობლიური ქალაქის მახლობლად, ჩრდილოეთ იტალიაში, თუმცა მალევე წავიდა რომში სწავლის გასაგრძელებლად და ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურში შევიდა, სადაც დღემდე მსახურობს.

კარდინალი ლუის ანტონიო ტეგლე – ახალგაზრდა, 67 წლის კანდიდატი, რომელიც წარმოშობით ფილიპინებიდანაა. ის იყო მანილას არქიეპისკოპოსი, ხოლო რომში თავად პაპმა ფრანცისკემ ჩაიყვანა და ვატიკანის მისიონერული ევანგელიზაციის ოფისის სათავეში ჩააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ მას საკმარისი ვატიკანური და მენეჯერული გამოცდილება აქვს, ტეგლე პაპობისთვის შეიძლება შედარებით ახალგაზრდად ითვლებოდეს და კარდინალები უპირატესობას ანიჭებდნენ ასაკით უფროსი კანდიდატს, რომლის პონტიფიკატიც დიდხანს არ გასტანს.

თუმცა ტეგლე ცნობილია, როგორც კარგი კომუნიკატორი და პედაგოგი, ეს კი ის თვისებებია, რომლებიც პაპისთვის უმნიშვნელოვანესია.

კარდინალი ფრიდოლინ ამბონგო ბესუნგუ – 65 წლის ამბონგო, რომელიც კარდინალად პაპმა ფრანცისკემ დანიშნა, ერთ-ერთ ყველაზე თამამ კათოლიკე ლიდერად ითვლება აფრიკაში. იგი ხელმძღვანელობს არქიეპისკოპოსობას, რომელიც კონტინენტზე კათოლიკეების ყველაზე დიდ რაოდენობას აერთიანებს.

ამბონგო 2018 წლიდან კონგოს დედაქალაქის არქიეპისკოპოსია და 2019 წლიდან კარდინალია. კონგოსა და მთლიანად აფრიკაში ამბონგო მტკიცედ დგას კათოლიკური ორთოდოქსიის პოზიციებზე და კონსერვატორად ითვლება.

2024 წელს მან აფრიკისა და მადაგასკარის ეპისკოპოსთა კონფერენციების სახელით ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც უარყოფდა პაპ ფრანცისკეს მიერ გამოცემულ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მღვდლებს საშუალება მიეცათ დალოცონ ერთი და იმავე სქესის წყვილები, რაც ფაქტობრივად მთელი კონტინენტის მასშტაბით პაპის სწავლებას უარყოფდა.

ეს საჯარო უკმაყოფილება ნათლად ასახავდა, როგორც აფრიკული ეკლესიის პოზიციას LGBTQ+ საკითხებთან მიმართებით, ისე ამბონგოს გავლენიან სტატუსს აფრიკული საეკლესიო იერარქიის შიგნით.

კარდინალი მატეო ზუპი – 69 წლის ზუპი პაპმა ფრანცისკემ 2015 წელს დანიშნა ბოლონიის არქიეპისკოპოსად, ხოლო 2019 წელს კარდინალის ტიტული მიანიჭა.

ის მჭიდროდ არის დაკავშირებული სანტ’ეიჯიდიოს საზოგადოებასთან — რომში დაფუძნებულ კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, რომელიც პაპი ფრანცისკეს პონტიფიკატში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, განსაკუთრებით რელიგიათაშორის დიალოგში.

ზუპი სანტ’ეიჯიდიოს იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც 1990-იან წლებში მოზამბიკში სამოქალაქო ომის დასრულების მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მოგვიანებით, პაპმა ფრანცისკემ იგი რუსეთის ომის დროს უკრაინის საკითხზე მშვიდობის დესპანად დანიშნა.

ზუპი კიევსა და მოსკოვს ესტუმრა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წმინდა საყდარს სთხოვა დახმარება 19,000 უკრაინელი ბავშვის გათავისუფლებაში, რომლებიც ომის დროს ოჯახებს მოსწყვიტეს და რუსეთში წაიყვანეს. მისია ასევე ითვალისწინებდა ვიზიტებს ჩინეთსა და აშშ-ში.

კარდინალი პიტერ ერდო – საკუთარი კოლეგების თვალში ღრმა თეოლოგად, მეცნიერად და განათლების სფეროს მოღვაწედ ცნობილი ერდო, 72 წლის ასაკში, კონსერვატორი კარდინალების ერთ-ერთ წამყვან კანდიდატად მიიჩნევა.

ის ბუდაპეშტის არქიეპისკოპოსის თანამდებობას 2002 წლიდან იკავებს, ხოლო 2003 წელს იოანე პავლე II-ის მიერ კარდინალად დაინიშნა.

მისი მონაწილეობით ორი კონკლავი გაიმართა — 2005 წელს პაპ ბენედიქტესა და 2013 წელს პაპ ფრანცისკეს არჩევისთვის.

თეოლოგიასა და კანონიკურ სამართალში დოქტორის ხარისხების მქონე ერდო ექვს ენაზე საუბრობს, ემხრობა დოქტრინულ ორთოდოქსიას და მტკიცედ უჭერს მხარს ეკლესიის პოზიციებს ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა აბორტი და ერთსქესიანი ქორწინება.

ერდო ეწინააღმდეგება ერთსქესიან კავშირებს და ასევე არ ემხრობა იმ კათოლიკეების ზიარებას, რომლებიც განქორწინების შემდეგ ხელახლა დაქორწინდნენ.

2015 წელს მან განაცხადა, რომ განქორწინებული კათოლიკეები ზიარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იღებდნენ, თუ ისინი ახალ ქორწინებაში სექსუალურად თავშეკავებულნი რჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს თავი შორს დაიჭიროს უნგრეთის ხშირად პოლარიზებული პოლიტიკური ცხოვრებიდან, ერდო მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს ქვეყნის მემარჯვენე მთავრობასთან, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიებს გულუხვად აფინანსებს.

წყარო: euronews georgia