კვანტური ინტერნეტი სულ უფრო რეალური ხდება. QNodeOS - ასე ჰქვია მსოფლიოში პირველ ოპერაციულ სისტემას, რომელიც კვანტური კომპიუტერებისთვისაა გათვლილი და მისი გამოყენება მომავლის კვანტური ინტერნეტის მართვისთვის იქნება შესაძლებელი.
მეცნიერები მომავლის ინტერნეტის ანუ კვანტური ინტერნეტის შექმნაზე მუშაობენ. ინფორმაცია ახალ ოპერაციულ სისტემასთან დაკავშირებით სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კვანტური ინტერნეტი ეხება კონცეპტუალურ ინტერნეტ კავშირს კვანტურ კომპიუტერებსა და მოწყობილობებს შორის. კვანტური ინტერნეტი ინფორმაციის გადაცემის სრულიად უსაფრთხო გზას გვთავაზობს. მისი გაშიფვრა შეუძლებელი იქნება. ინფორმაციის გადაცემა მოხდება ქუბიტებით და თუ ვინმე მის "გატეხას" შეეცდება, მონაცემები უბრალოდ წაიშლება.
ახლად წარმოდგენილი ოპერაციული სისტემის მეშვეობით, შესაძლებელია რამდენიმე კვანტური კომპიუტერის გაერთიანება და ერთი ცენტრალური პლატფორმის მეშვეობით მათი მართვა.
სპეციალისტების თქმით, ახალი ოპერაციული სისტემის განვითარება და კვლევების ამ მიმართულებით გაგრძელება კვანტური ინტერნეტის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
წყარო: imedinews.ge