აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია, თეირანის ბირთვული პროგრამა "სრულად იყოს განიარაღებული".

"სრული განიარაღება. დიახ, მხოლოდ ამას დავთანხმდები". - უთხრა ტრამპმა გადაცემა Meet the Press-ის მოდერატორს, კრისტენ უელკერს.

"მე მინდა, რომ ირანი მართლა წარმატებული, დიდებული და ფანტასტიკური იყოს. ერთადერთი რამ, რაც ვერ ექნებათ, ბირთვული იარაღია. თუ უნდათ, რომ წარმატებულები იყვნენ, ეს მისაღებია". - დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.

"უბრალოდ არ მსურს, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, რადგან მსოფლიო განადგურდება" - განმარტა მან.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია მზადაა, ირანის მხრიდან "სამოქალაქო ბირთვული პროგრამის" სასარგებლოდ არგუმენტები მოისმინოს, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს.

"არსებობს გზა სამოქალაქო, მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისკენ, თუ მათ ეს სურთ" - თქვა რუბიომ გასულ თვეში.

აშშ-სა და ირანის მხარეებს შორის მოლაპარაკებების მიზნით რიგით მეორე შეხვედრა უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

წყარო: TABULA.GE