იტალიის ხელისუფლებამ, მრავალთვიანი ძალისხმევის შემდეგ, დაიბრუნა ფრანგი მხატვრების – პოლ სეზანის, პიერ-ოგიუსტ რენუარისა და ანრი მატისის სამი ძვირფასი ნახატი, რომლებიც პარმას მახლობლად მდებარე მუზეუმიდან გასული წლის მარტში მოიპარეს.

იტალიის პოლიციის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალურმა დანაყოფმა ხელოვნების ნიმუშები რთული ოპერაციის შედეგად იპოვა და ამოიღო. ამ ოპერაციის დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

ნახატები 2025 წლის 22-23 მარტის ღამეს პარმასთან ახლოს, ქალაქ ტრავერსეტოლოში მდებარე მაგნანი-როკას ფონდიდან მოიპარეს. მათი საერთო ღირებულება 9 მილიონ ევროს აღემატება.

დაბრუნებული ნამუშევრებია: პოლ სეზანის „ნატურმორტი ალუბლით“ (Tasse et plat de cerises), რომლის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს, პიერ-ოგიუსტ რენუარის „თევზები“ (Les Poissons), რომელიც დაახლოებით 3 მილიონი ევრო ღირს და ანრი მატისის „ოდალისკა ტერასაზე“ (Odalisque sur la terrasse), რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 000 ევროდ არის შეფასებული.

პოლიციამ ქურდობის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. ჩანაწერში ჩანს, როგორ შედის ფანჯრიდან შენობაში ორი ნიღბიანი მძარცველი, კედლებიდან სამივე ნახატს ხსნის და სამ წუთზე ნაკლებ დროში შენობას ტოვებს.

მანიანი-როკას ფონდში ინახება ხელოვნებათმცოდნე ლუიჯი მანიანის მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელშიც შედის ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან დიურერი, რუბენსი, ვან დეიკი, გოია, მონე და ჯორჯო მორანდი.

წყარო: 1tv.ge