ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია, - ინფორმაციას Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წყაროებმა არ დააკონკრეტეს, რას ნიშნავს ისრაელის მაღალი მზადყოფნის მდგომარეობა პრაქტიკაში.

ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა.

გამოცემა Economist-თან ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ამას მისთვის საშინელი შედეგები მოჰყვება.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში არაერთხელ დაიმუქრა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, შეერთებული შტატები ჩაერევა. აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ირანი თავისუფლებას ეძებს და აშშ მზად არის დახმარებისთვის.

www.interpressnews.ge