6 მარტს, ისლანდიის მთავრობამ გადაწყვიტა, ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ შეჩერდა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ კენჭისყრა მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაიმართება.
„ისლანდიელები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგანან“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარტა კოსმა ისლანდიის მიერ რეფერენდუმის თარიღის გამოცხადების შემდეგ. „სამყაროში დღეს სხვადასხვა ძალა ერთმანეთს ეჯიბრება. ასეთ დროს, ევროკავშირის წევრობა წარმოედგენს საყრდენს ისეთ ბლოკში, რომელიც ღირებულებებზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზეა აგებული“, - ციტირებს „ფრანს პრესი“ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის სიტყვებს.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირის თქმით, შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს მომავალი კვირის დასაწყისში წარედგინება.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი პირველად 2009 წელს, ფინანსური კრიზისის პიკზე გააკეთა, რომლის დროსაც მისი სამი უმსხვილესი კომერციული ბანკი გაკოტრდა. თუმცა, 2013 წლის დეკემბერში ისლანდიის მთავრობამ ბრიუსელთან მოლაპარაკებები გაყინა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდა და პარალელურად, ზოგიერთმა ეკონომისტმა ევროზონის შესაძლო კოლაფსი ივარაუდა. 2015 წლის მარტში რეიკიავიკმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ ისლანდია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად აღარ განეხილათ.
გრენლანდია ამერიკელი ინვესტორებისგან თავის დაცვას გეგმავს (ჩეხურ ენაზე)
ისლანდიისა და გრენლანდიის აღრევა
ისლანდიასთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შესაძლო განახლების შესახება მსჯელობა ჯერ კიდევ გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებამდე დაიწყო. მიმდინარე წლის იანვარში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ტრამპმა, გრენლანდიაზე საუბრისას, რომელზე კონტროლის მოპოვების ინტერესიც მან არაერთხელ გამოხატა, რამდენჯერმე ისლანდია ახსენა.
ჩრდილოეთ ატლანტიკაში ისლანდიას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა უკავია. თუმცა, მას არ ჰყავს არმია და ნატო-ს წევრობისა და შეერთებულ შტატებთან 1951 წელს გაფორმებული ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმების იმედზეა.
წყარო: 1არხი