ზურიკო დავითაშვილი ზაფხულში „ბეშიქთაშის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება – საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „სენტ ეტიენის“ შემტევ ნახევარმცველზე ინფორმაციას თურქული გამოცემა Fanatik-ი ავრცელებს.

„ზაფხულში „ბეშიქთაშის“ მიზანი ორი უცხოელი და ერთი ადგილობრივი თავდამსხმელის დამატებაა – სატრანსფერო სიაში პირველი ნომერი ზურიკო დავითაშვილია, კლუბი, ამასთანავე, ზოგიერთ ფეხბურთელს შეელევა.

„ბეშიქთაში“ 25 წლის დავითაშვილის დამატებას 2025 წლის ზაფხულში და წელს იანვარშიც ცდილობდა. მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბეშიქთაში“ ტრანსფერში ფრანგულ კლუბს 15 მილიონ ევროს შესთავაზებს“, – წერს გამოცემა.

ფრანგული მედიის მტკიცებით, „სენტ-ეტიენისთვის“ ეს თანხა მიუღებელია – 2025 წლის ზაფხულში ქართველი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ არ გაუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი კლუბი ტრანსფერში, მინიმუმ, 20 მილიონ ევროს ითხოვს.

პირველი არხი