ირანული გამოცემა Iran International თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ხამენეის რეჟიმმა დეკემბრის ბოლოს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასარბევად უცნობი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.

თვითმხილველების თქმით, გამოყენებული ნივთიერებებით გამოწვეული სიმპტომები არ ჰგავდა ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის სიმპტომებს და იწვევდა სუნთქვის სერიოზულ გართულებას, უეცარ სისუსტესა და მოძრაობის დაკარგვას.

"რაც გვესროლეს არ იყო ცრემლსადენი გაზი," ციტირებს ერთ-ერთ დემონსტრანტს გამოცემა.

ხოლო კიდევ ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, რომ "ადამიანები იქცეოდნენ."

თვითმხილველების თქმით, რეჟიმის მიერ გამოყენებული ნივთიერებები აქციის მონაწილეებში იწვევდა დამწვრობის შეგრძნებას თვალებში, კანსა და ფილტვებში, ისევე როგორც მწვავე რესპირატორულ დისტრესს, განმეორებად ხველებას, თავბრუს ხვევას, წონასწორობის დაკარგვასა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ღებინებას ან სისხლიან ხველებას.

ამასთანავე, წყაროები ამბობენ, რომ სიმპტომების სიმძიმე და ხანგრძლივობა განსხვავდებოდა ცრემლსადენ გაზთან მათი წარსული გამოცდილებისგან.

Iran International ასევე ავრცელებს ქალაქ საბზევარიდან მიღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს უსაფრთხოების ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც საშიში ქიმიური ნივთიერებებისთვის განკუთვნილი სპეციალური დამცავი ტანისამოსი და ნიღბები აცვია.

ამასთანავე, ეროვნული კავშირი ირანში დემოკრატიისთვის (NUFDI) X-ზე წერს, რომ ირანიდან გამოსული მტკიცებულებები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მიანიშნებს.

"სანდო საერთაშორისო წყარომ Associated Press-ის ყოფილ გავლენიან ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ აღრიცხულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის "მრავალი დადასტურებული გამოყენება". - წერს NUFDI.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.

საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. პარალელურად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.

აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.

მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების "არმადა" მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს "ყურადღებით აკვირდება".

"ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით." - თქვა ტრამპმა.

გავრცელებული ცნობებით, ირანს ინდოეთის ოკეანიდან USS Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი უახლოვდება, რომელიც ავიამზიდთან ერთად სამ საესკადრო ნაღმოსანსაც მოიცავს. 23 იანვარს Fox News ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ ავიამზიდი აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში ჯერ კიდევ არ იყო შესული და, შესაბამისად, ირანთან დარტყმის მანძილზე არ იმყოფებოდა.

ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები "იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა".

ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ".

tabula.ge