ოქროს ფასმა შესაძლოა მომდევნო 12-24 თვის განმავლობაში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიოს. ამის შესახებ Financial Times ინვესტორებისა და საინვესტიციო კომპანიების პროგნოზებზე დაყრდნობით წერს. ფასის ზრდის მთავარ ფაქტორებად ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს შესყიდვების გააქტიურება, აშშ დოლარის მიმართ ნდობის შემცირება და გლობალური ფინანსური სისტემის რისკები სახელდება.
მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა სექტემბერში რეზერვები 63 ტონა ოქროთი შეავსეს - ეს 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. შესყიდვებში ლიდერობდა ჩინეთი, რომელმაც დაახლოებით 21-23 ტონა ოქრო შეიძინა. მსხვილ მყიდველებს შორის იყვნენ ასევე უზბეკეთი და პოლონეთი.
ოქროს ფასმა მიმდინარე წლის იანვარში უნციაზე 5 500 დოლარს გადააჭარბა, თუმცა მოგვიანებით შემცირდა. ინვესტორების შეფასებით, ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაცია და დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობა ოქროზე მოთხოვნის ზრდას კვლავ შეუწყობს ხელს.