ბრიუსელს არქტიკაში ციფრული ინფრასტრუქტურის დაცვა სურს, რადგან ყინულის დნობა და მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა პოლარულ რეგიონს ვაჭრობის, კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ კორიდორად აქცევს.
ევროკავშირი გეგმავს უსაფრთხო წყალქვეშა კაბელის გაყვანას, რომელიც გრენლანდიას პირდაპირ ევროპასთან დააკავშირებს; ამასთან, არსებობს ამბიციური გეგმა, ქსელი კანადის გავლით იაპონიასა და სამხრეთ კორეამდე გაფართოვდეს, – ნათქვამია არქტიკული სტრატეგიის პროექტში, რომელიც Eurornews-მა ნახა.
პროექტი წარმოადგენს უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიმართულია ევროპის ციფრული ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ არქტიკის რეგიონში — რეგიონში, სადაც კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება.
„ევროკავშირი მუშაობს პანარქტიკული კაბელის კონცეფციაზე, რომელიც ევროპას გრენლანდიისა და კანადის გავლით იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან დააკავშირებს. უახლოეს წლებში ევროკავშირი გრენლანდიას ევროკავშირთან სუვერენული და უსაფრთხო წყალქვეშა კაბელის საშუალებით დააკავშირებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის ახალ არქტიკულ სტრატეგიაში — რომელიც 20 ოქტომბერს უნდა წარდგეს — გაწერილი გეგმები ასახავს ბრიუსელში არსებულ მზარდ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელები, უბრალო კომერციული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხად იქცა.
ინიციატივა არქტიკაში უსაფრთხოების გაუარესების ფონზე ხორციელდება, სადაც რუსეთმა გააფართოვა თავისი სამხედრო ყოფნა და ევროპის მთავრობები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან ჰიბრიდული საფრთხეებით, მათ შორის თანამგზავრული ნავიგაციის ჩარევითა და წყალქვეშა ინფრასტრუქტურის საბოტაჟით.