გრენლანდიის ანექსიის საკითხი ტრამპის დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა.

დანიის პრემიერ-მინისტრის მოწოდებების მიუხედავად, რომ კუნძულის მიმართ „მუქარა“ შეწყვიტოს, “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პრეტენზია, რომლის მიხედვითაც, გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს. ვენესუელაში ვაშინგტონის სამხედრო ინტერვენციამ კვლავ გააღვიძა ინტერესი გრენლანდიის მიმართ, რომლის ანექსიის სურვილიც, არქტიკაში მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა. ვაშინგტონისკენ მიმავალ Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას, ტრამპმა ეს მიზანი კიდევ ერთხელ გაიმეორა. „გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

„გრენლანდიაზე დაახლოებით ორ თვეში ვიფიქრებთ... მოდით, გრენლანდიაზე 20 დღეში ვისაუბროთ“, - დასძინა მან. გასულ უქმეებზე, დანიის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონს მოუწოდა, შეწყვიტოს „თავისი ისტორიული მოკავშირის დაშინება“. „ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრა ამერიკის შეერთებულ შტატებს: აბსოლუტურად აბსურდულია იმის თქმა, რომ აშშ-მ კონტროლი უნდა დაამყაროს გრენლანდიაზე“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ დანია „და, შესაბამისად, გრენლანდია“, არის ნატოს წევრი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიებით არის დაცული.

„უპატივისმცემლო“

ტრამპმა ევროპელი ლიდერები კარაკასზე თავდასხმით და ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებით შეაშფოთა, რომელიც ახლა ნიუ იორკში პატიმრობაში იმყოფება. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ახლა ვენესუელას განუსაზღვრელი ვადით „მართავს“ და მის ნავთობის უზარმაზარ მარაგებს განკარგავს. The Atlantic-თან სატელეფონო ინტერვიუში მას ჰკითხეს, რა გავლენას იქონიებს ვენესუელის სამხედრო ოპერაცია მინერალებით მდიდარ გრენლანდიაზე, რაზედაც ტრამპმა თქვა, რომ ეს სხვების გადასაწყვეტია. „მათ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. მე ეს ნამდვილად არ ვიცი“, - ციტირებს ტრამპს The Atlantic-ი.

თუმცა, იქვე დასძინა: ჩვენ გრენლანდია ნამდვილად გვჭირდება, აბსოლუტურად. ის თავდაცვისთვის გვჭირდება“. პრეზიდენტის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მისმა ყოფილმა თანაშემწემ, ქეითი მილერმა, რომელიც დღეს ტრამპის ყველაზე გავლენიანი მრჩევლის მეუღლეა, უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ის დროშის ფერებში გრენლანდიის გამოსახულების გამოქვეყნებით, რომელსაც თან ახლდა წარწერა „SOON“ (მალე). გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა მილერის პოსტს „უპატივისმცემლო“ უწოდა. „ერებსა და ხალხებს შორის ურთიერთობები აგებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთაშორისო სამართალზე და არა სიმბოლურ ჟესტებზე, რომლებიც ჩვენს სტატუსსა და უფლებებს უგულებელყოფენ “, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.

მან ასევე აღნიშნა: „პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ქვეყანა არ იყიდება და ჩვენს მომავალს სოციალური მედიის პოსტები არ წყვეტს“.

მოკავშირეები?

ქეითი მილერის მეუღლე, სტივენ მილერი ტრამპის მრავალი პოლიტიკური გადაწყვეტილების არქიტექტორად მიიჩნევა, რომელიც პრეზიდენტის ხისტ საიმიგრაციო პოლიტიკას ხელმძღვანელობს და საშინაო დღის წესრიგს ადგენს. დანიის ელჩმა შეერთებულ შტატებში, იესპერ მიოლერ სორენსენმა, ქეითი მილერის პოსტის საპასუხოდ, „მეგობრული შეხსენება“ გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ მისმა ქვეყანამ „მნიშვნელოვნად გააძლიერა არქტიკული უსაფრთხოების ძალისხმევა“ და ამ საკითხზე ვაშინგტონთან ითანამშრომლა. „ჩვენ ახლო მოკავშირეები ვართ და ერთად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - დაწერა სორენსენმა.

ქეითი მილერი, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში პრეს-მდივნის მოადგილე იყო. მოგვიანებით, ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის კომუნიკაციების საკითხთა დირექტორად მუშაობდა და პარალელურად, მისი პრეს-მდივნის მოვალეობას ასრულებდა.

1 არხი