უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტის ხაზთან და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის თანამგზავრული კავშირის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ მოქმედებს. ლიმიტი საათში 100 მილს (161 კმ/სთ) შეადგენს, რაც უკრაინულ გადამტაც დრონებს უფრო მაღალი სიჩქარით გადაადგილებისა და რუსული რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას უზღუდავს.
ზელენსკის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისთვის ზამთრის მოახლოების პირობებში. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შეზღუდვები მოიხსნება. მისივე განცხადებით, უკრაინის წარმომადგენლებს დაევალათ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან და SpaceX-თან.
უკრაინაში Starshield-ის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები 14 ნოემბერს აშშ-ში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დენის სენიკმაც დაადასტურა. მისი განმარტებით, შეფერხებები სისტემური ხასიათისაა და არა ცალკეული შემთხვევები.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები მხოლოდ ფრონტის მიმდებარე ზონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, უკრაინის დანარჩენ ნაწილში კი თანამგზავრული კავშირი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
Starshield ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი სპეციალიზებული თანამგზავრული სისტემაა, რომელიც სამხედრო, სადაზვერვო და სახელმწიფო სტრუქტურების საჭიროებებისთვის გამოიყენება. უკრაინამ სისტემა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერშიც უკრაინა Starshield-ისა და სამოქალაქო დანიშნულების Starlink-ის მუშაობის შენელებაზე საუბრობდა. მაშინ შეფერხებები აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე დაფიქსირდა, თუმცა რამდენიმე დღეში სისტემების მუშაობა აღდგა.
SpaceX-ში აცხადებენ, რომ საკუთარ სისტემებზე ახალი შეზღუდვები არ დაუწესებიათ. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ არც თეთრ სახლს და არც პენტაგონს. ამასთან, აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა ილონ მასკს შესაბამისი დოკუმენტაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს, რათა შესაძლებელი გახდეს შეზღუდვების დაწესებაზე პასუხისმგებელი მხარის დადგენა.
ზელენსკი და უკრაინის სხვა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კავშირის შეზღუდვები შესაძლოა კიევზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში დათმობების მისაღწევად.