დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამაზე მაღალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფომ მიმდინარე წლის დაფინანსება 40 მლნ ლარით გაზარდა. შედეგად, პროგრამის ბიუჯეტი თავდაპირველი 60 მლნ ლარის ნაცვლად 100 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა განაცხადა.

პროგრამა ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გაცემას, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ან შესაბამისი კომპენსაცია აქამდე არ მიუღიათ. დახმარების ოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარია.

სააგენტოს მონაცემებით, კომპენსაციის მისაღებად განაცხადი 39 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, წელს დაახლოებით 11 000 ადამიანის დაკმაყოფილება იგეგმება, დარჩენილი 29 000 ბენეფიციარი კი თანხას 2027 წლის დასაწყისში მიიღებს.

კაიკაციშვილის განმარტებით, თანხები განაცხადების წარდგენის თანმიმდევრობის მიხედვით გაიცემა. ამ ეტაპზე სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმებას ახორციელებს, მათ შორის, ოჯახის წევრთა რაოდენობისა და მონაცემების სისწორის დასადგენად.

უწყების ინფორმაციით, პირველი ჩარიცხვები დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

დევნილებისთვის კომპენსაციის მოთხოვნის განაცხადების მიღება 19 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბერს დასრულდა.