გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ევროპაში სამხედროების რაოდენობას, სავარაუდოდ, იმაზე ნაკლებად შეამცირებს, ვიდრე ამას ევროპელი მოკავშირეები შიშობდნენ.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, მოკავშირეები ამჟამად აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის დაახლოებით 5 000-ით შემცირებას ელიან. მანამდე კი ისინი შიშობდნენ, რომ ვაშინგტონი ევროპიდან 25 000-მდე სამხედროს გაიყვანდა. ცნობისთვის, ამ დროისთვის ევროპაში დაახლოებით 80 000 ამერიკელი სამხედროა განთავსებული.
წყაროების თქმით, ვაშინგტონი დადებითად აფასებს NATO-ს მოკავშირეების მხრიდან თავდაცვის ხარჯების ზრდას. ამასთან, ირანთან ომმა პენტაგონს აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპაში განთავსებული ამერიკული ძალები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ოპერაციებისთვის.
გამოცემის ცნობით, შემცირება უმეტესად გერმანიას შეეხება, სადაც ევროპაში აშშ-ს ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტია განთავსებული. ამავდროულად, განიხილება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაც, რის პარალელურადაც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა ვაშინგტონს ხარჯების ნაწილის დაფარვა შესთავაზეს.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ევროპაში აშშ-ს სამხედრო პოზიციების გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი საბოლოო რეკომენდაციებს დონალდ ტრამპს 1-ელ დეკემბერს წარუდგენს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას თავად პრეზიდენტი მიიღებს.