ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ოპერაციის, EUNAVFOR MED IRINI-ის ძალები 13 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერის ბორტზე ავიდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის 110-ე მუხლის საფუძველზე ჩატარებული შემოწმებით დადასტურდა, რომ გემი MV MIDAG ყალბი დროშის ქვეშ დაცურავდა.
“ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის აღკვეთას როგორც საზღვაო გზით, ისე დიპლომატიური საშუალებებით”, - აცხადებს კალასი.
მისი თქმით, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიის დამტკიცებას აპირებენ, რომელიც მოიცავს „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდამჭერ ბანკებს, ნავთობის მყიდველებსა და კომპანიებს.