2026 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტით 96 ათასზე მეტი მგზავრი გადაადგილდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზის მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო APA ავრცელებს.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგა. ამ პერიოდში სახმელეთო საზღვარი 2020 წლიდან ჩაკეტილი იყო. მარშრუტზე აზერბაიჯანის რკინიგზის კუთვნილი Stadler-ის მატარებლები მოძრაობენ.

მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზნით, 2 ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიური რეისების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ცვლილების შედეგად, მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 46%-იანი მატებაა.

დამატებითი რეისებით მგზავრობა უფრო დაბალ ფასადაც იქნება შესაძლებელი. სტანდარტული კლასის ბილეთების ღირებულება 36 აზერბაიჯანული მანათიდან, დაახლოებით 55 ლარიდან იწყება.

აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებით, დამატებითი რეისების დანიშვნას წინ უძღოდა მხარეებს შორის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების ერთობლივი მომზადება.