ევროკავშირმა 3 აგვისტოს არაგეგმური მოგების სახით 1.4 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ფულად ნაშთებზე დარიცხული პროცენტებიდან წარმოიშვა.

ევროკომისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული თანხის მიღება ამგვარი სახის უკვე მეხუთე ტრანსფერს წარმოადგენს. მას წინ უძღოდა მეოთხე ტრანში, რომელიც 2026 წლის მარტში გადაირიცხა. მიმდინარე გადარიცხვა 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში დაგროვილ შემოსავალს მოიცავს. რუსეთის აქტივების გაყინვის შემდეგ მათგან მიღებულმა არაგეგმურმა მოგებამ ჯამში 8 მილიარდი ევრო შეადგინა.

„რუსეთმა მის მიერ გამოწვეული ნგრევისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ ვიყენებთ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს, რათა უზრუნველვყოთ ამის გაკეთება. ამ თანხებიდან დამატებით 1.4 მილიარდ ევროს უკრაინას გადავცემთ, რაც დაეხმარება მას რუსეთის უკანონო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ეს თანხები რუსეთის ცენტრალური ბანკის იმ გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან მოდის, რომლებიც ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ფარგლებში გაყინა. მიუხედავად იმისა, რომ თავად აქტივები კვლავ გაყინულია, მათზე არსებული ფულადი ნაშთებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი რუსეთს არ ეკუთვნის. ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წინადადების საფუძველზე, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ეს წმინდა მოგება უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენონ.

ipn.ge