აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ასობით ანტიბალისტიკური რაკეტის გადაცემაზე. ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრისას ზელენსკიმ ტრამპს ზამთრამდე Patriot-ის რაკეტების დამატებითი პარტიის მიწოდება სთხოვა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკას საკუთარი მარაგების შენარჩუნება სჭირდება. წყაროების ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილება რაკეტების დეფიციტით ახსნა და აღნიშნა, რომ არსებული რესურსები ირანთან ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტებისა და მოკავშირეების დასაცავად არის საჭირო.

ამავე დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც Patriot-ისა და THAAD-ის სისტემების რაკეტების მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა, სიცრუე უწოდა და ჟურნალისტები „ფეიკების გავრცელებაში“ დაადანაშაულა

თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის პერიოდში ამერიკულმა ძალებმა THAAD-ის სისტემების რაკეტების დაახლოებით 80%, ხოლო Patriot-ის რაკეტების დაახლოებით 65% გამოიყენეს.

5 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური შეტევა განახორციელა. უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე 24 ბალისტიკური, ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და 115 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 98 დრონის განადგურება შეძლეს, თუმცა ვერც ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ მოახერხეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 44 კი დაშავდა. მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ანტიბალისტიკური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და პარტნიორებს შესაბამისი რაკეტების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

უკრაინის ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა აცხადებს, რომ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 29 ივლისს ზელენსკიმ ტრამპს ოფიციალურად მიმართა დამატებითი ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდების თხოვნით, რათა უკრაინამ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშების ეფექტიანად მოგერიება შეძლოს.

მანამდე, ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას განიხილავდა, თუმცა 31 ივლისს აღნიშნა, რომ ჯერ არ არის დარწმუნებული, მიიღებს თუ არა ვაშინგტონი ასეთ გადაწყვეტილებას.