Reuters-ს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფი დასავლეთ რუსეთში განლაგდა. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები 120 ბალისტიკური რაკეტითა და 6 გამშვები დანადგარით მომარაგდებიან.

სააგენტო აღნიშნავს, რომ უკრაინას მაღალი კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი აქვს, რის გამოც რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს უფრო ინტენსიურად იყენებს. ასეთი რაკეტების ჩამოგდება განსაკუთრებით რთულია.

2023 წლის ბოლოდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე არაერთი ჩრდილოკორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, თუმცა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ძალების უშუალო განლაგება რუსეთში მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ნიშნავს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრიი ჩერნიაკის განცხადებით, რუსეთი გეგმავს დაახლოებით 90 ჩრდილოკორეელი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი სარაკეტო დანაყოფის განთავსებას ვორონეჟის ოლქში, რუსეთის 112-ე სარაკეტო ბრიგადის შემადგენლობაში.

მისივე თქმით, ფხენიანმა რუსეთს უკვე გაუგზავნა 40 ერთეული KN-23 და KN-24ტიპის რაკეტა და სამხედრო პერსონალი, თუმცა დანაყოფის საბოლოო შემადგენლობა და რაკეტების საერთო რაოდენობა მომდევნო თვეში, მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ, განისაზღვრება.

ჩერნიაკის ინფორმაციით, რუსეთი ელოდება, რომ მის ტერიტორიაზე 120 ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტა და ექვსი გამშვები დანადგარი განლაგდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა კონკრეტულ როლს შეასრულებენ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რუსეთის სარაკეტო ოპერაციებში.

ჩერნიაკის მიერ აღწერილი განლაგება დროში ემთხვევა გასულ კვირაში რუსეთის მიერ ორი ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას, რაც გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა.