Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ თვეში ვენაში გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირები არაფორმალურად შეხვდნენ ერთმანეთს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო გზები განეხილათ.

სააგენტო წერს, რომ შეხვედრა ე.წ. Track Two დიპლომატიის ფარგლებში გაიმართა. ეს არაფორმალური დიალოგის ფორმატია, რომელშიც ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და ექსპერტები მონაწილეობენ და რომელიც საშუალებას იძლევა, მხარეებმა ოფიციალური მოლაპარაკებების მიღმა სხვადასხვა იდეა და ინიციატივა განიხილონ.

მოლაპარაკებები შვეიცარიაში დაფუძნებული ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრის (Centre for Humanitarian Dialogue) მხარდაჭერით გაიმართა.

ეს შეხვედრა იმ დროს შედგა, როდესაც ევროპის წამყვანი სახელმწიფოები კრემლთან კომუნიკაციის აღდგენის გზებს კვლავ ეძებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მთავრობის წარმომადგენელი ამ ინიციატივის შესახებ ინფორმირებული იყო, ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკება არ ყოფილა.