რუსულმა ფულადი გზავნილების სისტემამ „ზოლოტაია კორონამ“ საქართველოში ოპერაციების შეჩერება დაიწყო. გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების შემდეგ გახდა ცნობილი.
გამოცემა „კოდ დუროვა“ წერს, რომ საქართველო აღარ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც „ზოლოტაია კორონას“ საშუალებით გადარიცხვებია შესაძლებელი. გამოცემის ინფორმაციით, საქართველო სერვისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.
ფულადი გზავნილების სერვისი ასევე შეწყდა რამდენიმე სხვა ქვეყანაში, თუმცა კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებს ეხება შეზღუდვა, ამ ეტაპზე არ ზუსტდება.
„ზოლოტაია კორონა“ რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ფულის გადარიცხვის ერთ-ერთ მთავარ არხად იქცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში საერთაშორისო საგადახდო სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა საქმიანობა შეწყვიტეს.
23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. შეზღუდვების სიაში მოხვდნენ „ზოლოტაია კორონას“ ოპერატორი — ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი“, ასევე „ციფრა ბანკი“.