ახალი სახის პრეპარატმა მკვეთრად შეამცირა არტერიების დამხშობი ქოლესტერინის დონე ადამიანებში, რომლებსაც გულის შეტევის მაღალი რისკი აქვთ იმის მიუხედავად, რომ სტატინებს (პრეპარატთა კლასი) იღებენ.

პრეპარატი ჯერ ექსპერიმენტულია, მაგრამ ეს აბები ორგანიზმს ქოლესტერინის მოშორებაში ეხმარება ისე, როგორც დღეს ეს მხოლოდ ინექციური მედიკამენტებით არის შესაძლებელი. თუკი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გამოყენებისთვის დაამტკიცებს, აბები, სახელად ენლიციტიდი, შეიძლება ადვილად მოსახმარი ვარიანტი გახდეს მილიონობით ადამიანისთვის.

სტატინები ღვიძლში ქოლესტერინის გამომუშავების რაღაც ნაწილს ბლოკავენ და მკურნალობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ. თუმცა, ყველაზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი, მრავალ ადამიანს მაინც სჭირდება დამატებითი დახმარება LDL-ის, ანუ ცუდი ქოლესტერინის სამედიცინო სტანდარტებით დამაკმაყოფილებელ დონემდე შესამცირებლად.

ერთ-ერთ დიდ კვლევაში, 2900-ზე მეტ მაღალი რისკის პაციენტს, სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, შემთხვევითობის პრინციპით დაენიშნათ ყოველდღიურად ენლიციტიდის აბის ან პლაცებოს მიღება. ექვსი თვის შემდეგ, ენლიციტიდის მომხმარებლებს ცუდი ქოლესტერინის (LDL) დონე 60 პროცენტით შეუმცირდათ.

„არსებობს სხვა აბებიც, რომლებიც პაციენტებს სტატინებთან ერთად შეუძლიათ მოიხმარონ, მაგრამ ვერცერთი მათგანი ახლოსაც კი ვერ მიდის ცუდი ქოლესტერინის დონის ისეთ შემცირებასთან, როგორც ეს ენლიციტიდმა შეძლო“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთ სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი ენ მარი ნავარი.

პრეპარატის მიერ მოტანილი სარგებელი მხოლოდ ოდნავ შემცირდა ერთი წლის შემდეგ. არ დაფიქსირებულა უსაფრთხოების რაიმე სხვაობა აბსა და პლაცებოს შორის. არის მხოლოდ ერთი წინაპირობა — აბის მიღება უნდა მოხდეს ცარიელ კუჭზე.

გულის დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ცუდი ქოლესტერინი კი, რომელიც არტერიებზე ილექება და სისხლის მიმოქცევას ბლოკავს, გულის შეტევისა და ინსულტის მთავარი რისკ-ფაქტორია.

მიუხედავად იმისა, რომ LDL-ის დონე 100 ნორმალურად მიიჩნევა ჯანმრთელი ადამიანისთვის, ექიმების რეკომენდაციაა მისი სულ მცირე 70-მდე შემცირება მას შემდეგ, რაც ადამიანს ქოლესტერინი მაღლა აეწევა ან გულის დაავადება განუვითარდება.

ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში სტატინი პრეპარატები და მათი ჯენერიკი ვარიანტები ძლიერ ეფექტიანია. ასევე არსებობს მძლავრი საინექციო პრეპარატები, რომლებიც სხვანაირად მოქმედებენ — ბლოკავენ ღვიძლის ცილას, სახელად PCSK9, რომელიც ზღუდავს სხეულის მიერ სისხლიდან ქოლესტერინის გამოდევნის უნარს.

თუმცა, ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს PCSK9 ინჰიბიტორებს. მიუხედავად იმისა, რომ ან ინექციების ფასი ბოლო დროს შემცირდა, პაციენტებს ხშირად ნემსის გაკეთება არ სურთ და მისი გამოწერა ექიმებისთვისაც კომპლექსური ამბავია.

ახალი კვლევა კომპანია Merck-ის მიერ არის დაფინანსებული და იძლევა იმ საბოლოო მონაცემებს, რაც FDA-ს მიერ ენლიციტიდის ავტორიზაციისთვის არის საჭირო. FDA-მ ის დაამატა პროგრამაში, რომელში შეტანილ პრეპარატებსაც უსწრაფესად ამოწმებენ.

„შედეგები გვთავაზობს დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ ახალი აბები ქოლესტერინს დაახლოებით იმავე მაჩვენებლით ამცირებს, როგორც PCSK9 ინექციები“, — ამბობს ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი უილიამ ბოდენი, რომელიც ახალ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

კვლევა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი