2026 წლის ივლისში, ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები წინა წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა – დაახლოებით 1.85 მილიონ მანქანამდე.
წელს პირველ შვიდ თვეში მსოფლიოში 11.5 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც 4%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტატისტიკა მოიცავს როგორც სრულად ელექტრომობილებს (BEV), ასევე plug-in ჰიბრიდებს (PHEV). ამის შესახებ Electrek წერს Benchmark Mineral Intelligence-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ზრდა კვლავ ძალიან არათანაბარია. ევროპა გლობალური ბაზრის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა: ივლისში ევროპაში 450,000 ელექტრომობილი გაიყიდა – 33%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე. პირველი შვიდი თვის განმავლობაში გაყიდვებმა 3 მილიონს მიაღწია, რაც წლიური 28%-იანი ზრდაა.
საფრანგეთში ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა – +81% წლიურად, ხოლო ელექტრომობილების წილმა ახალი ავტომობილების გაყიდვებში რეკორდულ 37%-ს მიაღწია. გერმანიაში გაყიდვები 46%-ით გაიზარდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში – 43%-ით.
გაყიდვების ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამთავრობო სტიმულირების მექანიზმი: ევროპული ქვეყნები ელექტრომობილების შესაძენად სუბსიდირების სქემებს აახლებენ ან აფართოებენ.
ჩინეთში პირიქით, ივლისში ელექტრომობილების გაყიდვები 5%-ით შემცირდა და 980,000-ს მიაღწია. პირველი შვიდი თვის განმავლობაში მათი რაოდენობა 5.9 მილიონს შეადგენდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს მაჩვენებლები სრულად არ ასახავს სიტუაციას. ივლისში სრულად ელექტრომობილების (BEV) გაყიდვები 6%-ით გაიზარდა, ხოლო PHEV-ები 21.1%-ით, ხოლო EREV-ები 16.5%-ით შემცირდა. ამავდროულად, შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 44%-ით შემცირდა.
ჩინელები რეალურად აგრძელებენ სრულად ელექტრომობილებზე გადასვლას და საერთო კლება ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების შემცირებით არის განპირობებული.
ყველაზე ცუდი მდგომარეობა ჩრდილოეთ ამერიკაშია. ივლისში ელექტრომობილების გაყიდვები 27%-ით – 140 000-მდე – შემცირდა, ხოლო წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში – 18%-ით. აშშ-ში ივლისში გაყიდვები 30 პროცენტზე მეტით შემცირდა. ერთ-ერთი მიზეზი ელექტრომობილების მყიდველებისთვის ფედერალური შეღავათების გაუქმებაა.
ამრიგად, გლობალური ელექტრომობილების ბაზარი აგრძელებს ზრდას, მაგრამ მთავარი წვლილი ევროპიდან და სხვა ბაზრებიდან მოდის, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში კლება შეინიშნება. ამასობაში, ჩინეთში მოთხოვნა სულ უფრო მეტად შორდება შიდა წვის ძრავიან (ICE) ავტომობილებსა და ჰიბრიდებს და სრულად ელექტრო მოდელებზე გადადის.
ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ 89 მლნ აშშ დოლარის 6 087 ერთეული ელექტრომობილი იყიდა, რაც ნიშნავს რომ 2026 წელს იმპორტი 39.3%-ით არის გაზრდილი.
ელექტრომობილები ძირითადად აშშ-იდან შემოდის, საიდანაც იმპორტი 58.4% -ით არის გაზრდილი.
ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების იმპორტიორი TOP-10 ქვეყანა:
- აშშ – 63.1 მლნ აშშ დოლარი: 4 891 ელექტრომობილი;
- ჩინეთი – 14.07 მლნ აშშ დოლარი: 637 ელექტრომობილი;
- გერმანია – 5.5 მლნ აშშ დოლარი: 55 ელექტრომობილი;
- იაპონია – 3.1 მლნ აშშ დოლარი: 357 ელექტრომობილი;
- კანადა – 1.1 მლნ აშშ დოლარი: 81 ელექტრომობილი;
- უკრაინა – 428.4 ათასი აშშ დოლარი: 3 ელექტრომობილი;
- თურქეთი – 265.1 ათასი აშშ დოლარი: 7 ელექტრომობილი;
- შვედეთი – 255.3 ათასი აშშ დოლარი: 4 ელექტრომობილი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 246.3 ათასი აშშ დოლარი: 22 ელექტრომობილი;
- ბელგია – 186.7 ათასი აშშ დოლარი: 4 ელექტრომობილი.