რუსეთი მზად არის, სომხეთიდან იმ პროდუქციის იმპორტი აღადგინოს, რომელზეც ბოლო თვეებში შეზღუდვები დაწესდა, თუ სომხური მხარე სურსათის უსაფრთხოების, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს შეასრულებს.

საკითხი ალმათიში რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ოქსანა ლუტსა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, იმპორტის განახლებისთვის აუცილებელია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესაბამისი სტანდარტების დაცვა, სომეხი მწარმოებლების მიერ საკუთარი ნედლეულის გამოყენება, პესტიციდების კონტროლი და პროდუქციის უსაფრთხოების სხვა სავალდებულო მოთხოვნების შესრულება.

რუსეთმა სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესება მაისში დაიწყო. თავდაპირველად შეზღუდვები ყვავილებსა და გარკვეულ ბოსტნეულს შეეხო, შემდეგ კი სია გაფართოვდა და მოიცვა ხილი, ყურძენი, კარტოფილი, ჩირი, თევზი და თევზის პროდუქტები. მოგვიანებით შეზღუდვები რძის ნაწარმზეც გავრცელდა.

12 ივნისიდან რუსეთმა სომხეთიდან ყველა საკარანტინო მცენარეული პროდუქტის იმპორტი და რუსეთის გავლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებში ტრანზიტიც შეზღუდა. „როსსელხოზნადზორი“ გადაწყვეტილებას განმეორებით აღმოჩენილ ფიტოსანიტარულ დარღვევებს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ შეზღუდვები იმოქმედებდა მანამდე, სანამ უსაფრთხოებისა და მიკვლევადობის ეფექტიანი სისტემა არ შეიქმნებოდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ივლისში ვლადიმერ პუტინს შეზღუდვების საკითხის მოგვარებაში დახმარება სთხოვა და განაცხადა, რომ არსებული ზომები ორმხრივ შეთანხმებებსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესებს ეწინააღმდეგებოდა. Reuters-ის მონაცემებით, რუსეთზე 2025 წელს სომხეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35% მოდიოდა.

წყაროები:


https://www.reuters.com/world/armenias-pashinyan-asks-putin-help-resolve-russian-restrictions-armenian-exports-2026-07-27/


https://interfax.com/newsroom/top-stories/118049/


https://arka.am/en/news/business/armenia-and-russia-agreed-to-intensify-cooperation-between-food-safety-regulators/