აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელიც ამერიკულ კერძო კომპანიებს ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ სახელმწიფო კიბეროპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია უცხოეთში მოქმედი დანაშაულებრივი ქსელების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ამერიკელებს გამოსასყიდის მოთხოვნით განხორციელებული კიბერთავდასხმებით, ფიშინგით, ფინანსური თაღლითობითა და სხვა კიბერდანაშაულებით აზარალებენ.

პროგრამას აშშ-ის იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტები გააკონტროლებენ. კერძო კომპანიები ოპერაციებში მხოლოდ წინასწარი შემოწმებისა და სახელმწიფო უწყებასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩაერთვებიან. თითოეული კონკრეტული ოპერაცია წინასწარ უნდა დამტკიცდეს და განხორციელდეს აშშ-ის მთავრობის სახელით, მისი ზედამხედველობითა და სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში.

მემორანდუმი კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ კიბერსადაზვერვო და ე.წ. cyber effects ოპერაციები. ეს უკანასკნელი შეიძლება მოიცავდეს საინფორმაციო სისტემების ან ქსელების მანიპულირებას, შეფერხებას, ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, დაზიანებას ან განადგურებას.

პროგრამის დეტალური წესები მემორანდუმის ხელმოწერიდან 60 დღის განმავლობაში უნდა შემუშავდეს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, რომ მონაწილე კომპანიებს შესაძლოა მოეთხოვოთ მინიმუმ 1 მილიონი დოლარის ოდენობის გარანტიის ან ესქრო ანგარიშის შენარჩუნება. თანხა შესაძლოა ჩამოერთვათ, თუ კომპანია კონტრაქტის პირობებს დაარღვევს.

თეთრი სახლის განცხადებით, 2025 წელს ამერიკელმა მომხმარებლებმა კიბერდანაშაულთან დაკავშირებული შემთხვევების შედეგად 20.8 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.

წყაროები:


https://www.whitehouse.gov/presidential-actions/2026/08/expanding-capabilities-to-combat-transnational-cyber-enabled-crime/


https://www.whitehouse.gov/fact-sheets/2026/08/fact-sheet-president-donald-j-trump-expands-capabilities-to-combat-transnational-cyber-enabled-crime/


https://www.reuters.com/world/trump-signed-memo-allow-use-cyber-tools-target-transnational-criminal-orgs-white-2026-08-12/