აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არ დაბომბვის ვადა კიდევ ათი დღით გაახანგრძლივა. როგორც თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს,დარტყმები 6 აპრილამდე გადაავადა.

მისივე თქმით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები „ძალიან კარგად მიმდინარეობს“.

„ირანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, გთხოვთ, ეს განცხადება გამოიყენოთ იმის საჩვენებლად, რომ მე ვაჩერებ ირანის ელექტროსადგურის განადგურების პერიოდს ათი დღით, ორშაბათამდე, 2026 წლის 6 აპრილის 20:00 საათამდე აღმოსავლეთის დროით (Eastern Time). მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, ყალბი ამბების მედიისა და სხვათა მიერ საპირისპირო მცდარი განცხადებების მიუხედავად, ისინი ძალიან კარგად მიმდინარეობს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ტრამპმა პირველად გასულ შაბათს განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყამდა, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს ხელახლა არ გახსნიდა. ორშაბათს მან დარტყმები ხუთი დღით გადადო და თქვა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს ომის დასრულების შესახებ „ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები“ ჰქონდათ.

1tv.ge