Christie’s-ის ნიუ-იორკის აუქციონის კვირა შთამბეჭდავი შედეგით დაიწყო. 17 ნოემბერს გამართულ მე-20 საუკუნის ხელოვნების საღამოს აუქციონზე გაყიდვების მთლიანმა ღირებულებამ 626.6 მილიონი დოლარი შეადგინა. აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრების 92% გაიყიდა, ხოლო გაყიდული ლოტების ღირებულებამ შეთავაზებული ნამუშევრების საერთო ღირებულების 95% შეადგინა.

საღამოს მთავარი მოვლენა ვასილი კანდინსკის ნამუშევარი Betonte Ecken გახდა. 1922–1923 წლებში შექმნილი ნახატი 85.78 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც მხატვრის ნამუშევრებისთვის აუქციონზე მიღწეული რეკორდული ფასია. ტილო კანდინსკის ბაუჰაუზში მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება და გუგენჰაიმის კოლექციის ჩამოყალიბების ისტორიასთანაც აქვს კავშირი.

მაღალი ფასი დაფიქსირდა გუსტავ კლიმტის ნამუშევარზეც — Litzlbergkeller 82.33 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონზე რამდენიმე სხვა მხატვრის რეკორდიც დამყარდა, მათ შორის კორნელის კორნელისზ ვან ჰარლემის, ვიფრედო ლამის, ჰანს ბელმერისა და ფერნანდო ბოტეროს ნამუშევრებზე. კლოდ მონეს ნახატი Champ d'avoine et coquelicots კი 25.98 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის ერთ-ერთი გამორჩეული ლოტი ჯორჯია ო’კიფის ნახატიც იყო, რომელიც მანჰეტენზე, კერძო საცხოვრებლის კარადაში აღმოაჩინეს. 1930 წელს შექმნილი ნამუშევარი Near Abiquiu, New Mexico I 4.87 მილიონ დოლარად გაიყიდა. Christie’s-ის ინფორმაციით, ნახატი 1963 წელს მხატვრის დილერისგან შეიძინეს და მას შემდეგ მფლობელის ოჯახში ინახებოდა.