გლობალურ ავტოინდუსტრიაში ძალთა ბალანსი იცვლება - ჩინურმა კომპანია BYD-მ ისტორიაში პირველად გადაასწრო Ford-ს გლობალური გაყიდვებით და მსოფლიოს მეექვსე უმსხვილესი ავტომწარმოებლის პოზიცია დაიკავა.

2025 წელს BYD-მ მსოფლიოში 4.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.7%-იანი ზრდაა. შედეგად, კომპანიამ მეშვიდე ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა. ამავე პერიოდში Ford-ის გაყიდვები 2%-ით შემცირდა და 4.4 მილიონი ერთეული შეადგინა, რის შედეგადაც ამერიკული ავტოგიგანტი პირველ ექვსეულს მიღმა დარჩა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Ford-ის მთავარი კონკურენტი, General Motors, 6.8%-იანი ზრდით 6.18 მილიონ ავტომობილს მიუახლოვდა და პოზიციები გაამყარა.

მიუხედავად იმისა, რომ Ford-მა აშშ-ის ბაზარზე ზრდა აჩვენა, კომპანიამ ევროპასა და განსაკუთრებით ჩინეთში პოზიციები დაკარგა. ჩინურ ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლები, მათ შორის BYD, Xiaomi და Geely -კონკურენტულ ფასად და ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ელექტრომობილებით ბაზრის წილს უწყვეტ რეჟიმში ზრდიან. პარალელურად, Ford ელექტრიფიკაციის რთულ პროცესს გადის და სტრატეგიის გადახედვის ფარგლებში 19.5 მილიარდი დოლარის ხარჯები დააფიქსირა.

ჩინეთი კვლავ რჩება BYD-ის ყველაზე დიდ ბაზრად, თუმცა კომპანიამ ექსპორტიც მნიშვნელოვნად გაზარდა.

2025 წელს საზღვარგარეთ 1.05 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში გაყიდვების ზრდას უკავშირდება. პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ექსპორტმა შესაძლოა 1.3 მილიონ ერთეულს მიაღწიოს.

ამასთან, BYD-ისთვის საერთაშორისო ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ჩინეთის შიდა ბაზარზე მოთხოვნა მცირდება. ბოლო მონაცემებით, იანვარში კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე 205,518 ავტომობილი გაყიდა- საგრძნობლად ნაკლები, ვიდრე 2025 წლის იანვარში დაფიქსირებული 300,538 ერთეული. აღსანიშნავია, რომ შემცირდა როგორც ელექტრომობილების, ასევე plug-in ჰიბრიდების გაყიდვები.

ანალიტიკოსების შეფასებით, BYD-ის წინსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გლობალურ ავტობაზარზე ჩინური ბრენდები სულ უფრო ძლიერ პოზიციებს იკავებენ, ხოლო ტრადიციული ამერიკული და ევროპული მწარმოებლები ახალ კონკურენტულ რეალობასთან შეგუებას ცდილობენ.