18 დეკემბერს ჩეხეთის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 1944 წელს ყირიმელი თათრების მასობრივ დეპორტაციას გენოციდის აქტად აღიარებს.
სენატის ვებგვერდის ინფორმაციით, სხდომას 76 სენატორი ესწრებოდა. მათგან 70-მა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ოთხმა თავი შეიკავა და არცერთს წინააღმდეგ არ მიუცია ხმა.
ჩეხეთი გახდა მეშვიდე ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლების ქმედებები ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით ოფიციალურად დაგმო. ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს უკრაინამ, კანადამ, პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
რეზოლუციის მიღების პროცესს ყირიმელი თათრების წარმომადგენლები, მათ შორის, ყირიმელი თათრების ეროვნული ლიდერი, უკრაინის სახალხო დეპუტატი და ყოფილი საბჭოთა პოლიტპატიმარი, მუსტაფა ჯემილევი ესრწებოდნენ.
ჩეხეთის გადაწვყეტილებას ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობის ოფისი გამოეხმაურა:
"ეს გადაწყვეტილება 1944 წლის დეპორტაციის გენოციდად საერთაშორისო აღიარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას ჩეხეთის სენატის და ჩეხი ხალხის მიმართ მათი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის" - ნათქვამია ოფისის განცხადებაში.
სტალინის ბრძანებით, დეპორტაციის შედეგად, ყირიმელი თათრების თითქმის მთელი მოსახლეობა იძულებით გადაასახლეს, რაც 200,000-ზე მეტ ადამიანს აძევებდა საკუთარი მიწიდან და აგზავნიდა საბჭოთა კავშირის შორეულ რეგიონებში.
"ეს ქმედებები განზრახ მცდელობა იყო ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებისა, რათა მოესპოთ მათი ეთნიკური, კულტურული და რელიგიური იდენტობა" - წერს უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობის ოფისი.
წყარო: ტაბულა