ამერიკული Forbes-ის 2025 წლის რეიტინგში შემავალი 3,028 მილიარდერი მსოფლიოს 800-ზე მეტ ქალაქში ცხოვრობს. თუმცა მათგანმა თითქმის მეოთხედმა – ჯამური ქონებით $3.3 ტრილიონი – პრიორიტეტულ საცხოვრებლად მხოლოდ ათი ქალაქი აირჩია, რომლებიც ექვს ქვეყანაშია განლაგებული.
Forbes-ის თანახმად, ყველაზე მეტი მილიარდერი კვლავ ნიუ-იორკში ცხოვრობს – 123 ადამიანი, რომელთა საერთო ქონება $759 მილიარდს შეადგენს. აშშ-ის ქალაქმა ბოლო 12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ დათმო მოწინავე პოზიცია – 2021 წელს პირველ ადგილზე პეკინი იყო. ნიუ-იორკელი მილიარდერების უმრავლესობა ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროშია ჩაბმული (68 ადამიანი), 13 – უძრავი ქონების მაგნატია, 12 კი მოდისა და საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში საქმიანობს.
მეორე ადგილზე მოსკოვია – 90 მილიარდერით, რაც გასულ წელთან შედარებით 16-ით მეტია. ამ ზრდის შედეგად, მან ჰონგ-კონგს გადაუსწრო, რომელიც შარშან მეორე ადგილს იკავებდა. მოსკოველი მილიარდერების ჯამური ქონება $409 მილიარდს აღწევს.
მესამე პოზიციაზე კი სწორედ ჰონგ-კონგია – 72 მილიარდერით. გასულ წელთან შედარებით მათი რაოდენობა ორი ადამიანით შემცირდა.
მეოთხე ადგილს ლონდონი იკავებს – 71 მილიარდერით, რაც გასულ წელთან შედარებით 9-ით მეტია. მუმბაი კი, გასული წლის მეოთხე ადგილიდან მეექვსეზე დაქვეითდა. ინდოეთის ფინანსური დედაქალაქი ახლა 67 მილიარდერის საცხოვრებელი მისამართია ($349 მილიარდი ჯამში), რაც ორი ადამიანით ნაკლებია, 2024 წელთან შედარებით.
აქვე გეტყვით, რომ Forbes-ის წლევანდელი რეიტინგის 3,028 მილიარდერიდან 40-ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი დადგენილი არ არის.