აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბასთან მიმართებით სამხედრო ძალის გამოყენების ნაცვლად ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას, წერს Bloomberg საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონის სტრატეგიის მთავარი მიზანი კუბის ხელისუფლებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროების შეზღუდვაა. საუბარია სანქციების გამკაცრებაზე, ენერგორესურსებზე წვდომის შეზღუდვასა და უცხოური ვალუტის მომტანი სექტორების წინააღმდეგ ზომების გაფართოებაზე. სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაცია ამ ეტაპზე პრიორიტეტად აღარ განიხილება.
აშშ-მა მიმდინარე წელს უკვე გააფართოვა სანქციები კუბის სამხედროების მიერ კონტროლირებადი კონგლომერატის, GAESA-ს წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხო ასევე Moa Nickel-ს, რომელიც ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ვაშინგტონმა შეზღუდა კუბის ხელისუფლებისთვის ნავთობის მიწოდებაც, თუმცა კერძო სექტორისთვის საწვავის ექსპორტზე გამონაკლისი მოქმედებს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ზეწოლის ფონზე კუბის მთავრობამ ეკონომიკის ნაწილობრივი გახსნის მიმართულებით ახალი ზომებიც წარადგინა. მათ შორისაა კერძო კომპანიებისთვის საწვავისა და მედიკამენტების იმპორტის შესაძლებლობის გაფართოება და ტურიზმის სექტორში კერძო ბიზნესის როლის ზრდა.
Bloomberg-ის წყაროების მიხედვით, ვაშინგტონის მიზანია ეკონომიკური ზეწოლის გზით კუბის ხელისუფლების შიგნით უთანხმოების გაძლიერება და საბოლოოდ მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნა.
წყაროები:
https://www.reuters.com/business/energy/us-ramps-up-fuel-exports-cubas-private-sector-2026-03-25/