აშშ-ში ექიმები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. შეშფოთების მიზეზია გრიპის შემთხვევების უჩვეულოდ ადრეული მატება ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე და ვირუსის ახალი მუტაცია, რომელმაც შესაძლოა ახალგაზრდებში იმუნური დაცვის ეფექტიანობა შეამციროს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს და აღნიშნავს, რომ ამ სეზონზე გავრცელებულ გრიპის ძირითად შტამად H1N1 სახელდება. ეს ის ვირუსია, რომელმაც 2009 წელს „ღორის გრიპის“ პანდემია გამოიწვია და რომელიც დღეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში შედის. თუმცა, წელს გავრცელებულ ვირუსში გამოვლინდა ახალი მუტაცია — G155E.

მეცნიერების ვარაუდით, ადამიანები, რომლებსაც H1N1 ადრე გადატანილი აქვთ ან მის წინააღმდეგ აცრილები არიან, შესაძლოა ძველი ვარიანტების მიმართ გარკვეულ დაცვას ინარჩუნებდნენ, მაგრამ ეს დაცვა ახალ მუტაციაზე ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

ნიუ-იორკის Mount Sinai Children's Hospital-ის ბავშვთა ინფექციონისტი ჯენიფერ დუშონი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ნაწილს ამ კონკრეტულ ვარიანტთან შეხება ადრე არ ჰქონია, ამიტომ მათში დაავადება შესაძლოა უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს.

რაც შეეხება ვაქცინებს, 2026–2027 წლების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) აგვისტოში დაამტკიცა, სამი კომპონენტის წინააღმდეგ არის მიმართული. ესენია H1N1,  H3N2 და გრიპის B ვირუსის ერთ-ერთი ვარიანტი.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის, სკოტ ჰენსლის შეფასებით, ვაქცინის სამი კომპონენტიდან ორი კარგად შეესაბამება ამჟამად გავრცელებულ ვირუსებს. მიუხედავად ამისა, H1N1-ის ახალმა მუტაციამ შესაძლოა განსაკუთრებით ახალგაზრდებში ანტისხეულების ეფექტიანობაზე იმოქმედოს. ამ ფონზე, სპეციალისტები გრიპის სეზონის ვაქცინაციის დროულად ჩატარებას კიდევ უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია გრიპის საწინააღმდეგო აცრას ექვსი თვის ასაკიდან ყველა ადამიანისთვის უწევს რეკომენდაციას. გრიპი განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს ჩვილებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემები აქვთ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა გრიპით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით დაახლოებით 30–60%-ის ფარგლებში მერყეობდა.

ინფექციური დაავადებების ამერიკული საზოგადოების ხელმძღვანელის, ჟან მარაცოს თქმით, გასულ წელს გრიპთან შეხებაში მყოფი ადამიანების ანტისხეულების კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ახალ მუტაციას ყოველთვის ვერ ცნობდნენ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მოზარდებისა და ახალგაზრდა ზრდასრულების შემთხვევაში.
თუმცა, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ არსებული კვლევები მცირე მასშტაბისაა და მათი შედეგები პანიკის საფუძველს არ წარმოადგენს.

jandacva.ge