აზერბაიჯანში, ბაქოს მახლობლად მდებარე საკურორტო კომპლექს Sea Breeze-ში კაზინო Royale Casino-ს გახსნა 2027 წლის მაისში იგეგმება. პროექტის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ყოფილმა სიძემ, Sea Breeze-ის მფლობელმა, კომპანია Agalarov Development-ის პრეზიდენტმა, მომღერალმა ემინ აგალაროვმა განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის, Qafqazinfo-ს ცნობით, რომელიც Vesti.az-ს ეყრდნობა, კაზინოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აგალაროვის განცხადებით, ობიექტი დაგეგმილ ვადაში, 2027 წლის მაისში ამოქმედდება.

კომპლექსი 90 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, Sea Breeze-ის ტერიტორიაზე, ხელოვნურ ნახევარკუნძულზე შენდება.

პროექტის მიხედვით, კაზინოში 12 VIP დარბაზი და ერთი მთავარი დარბაზი მოეწყობა, რომელიც საერთაშორისო პოკერის ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. კომპლექსში ასევე დაგეგმილია საკონცერტო დარბაზის, ბარების, რესტორნებისა და კაფეების განთავსება. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი 1 500 სათამაშო აპარატით იქნება აღჭურვილი.

კაზინოში შესვლა 21 წლამდე ასაკის პირებისთვის აკრძალული იქნება.

პროექტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Royale Casino-ს ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს კაზინოდ ჩამოყალიბებას ელიან.