ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პირველი მინისტრი კრიპტოვალუტით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. ალბანელი მინისტრი „დიელა“ ბრალდებებს უარყოფს, - იუწყება Newsbar.
4 დეკემბერს, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა სამსახურმა შეაჩერა საჯარო ადმინისტრირების დიგიტალიზაციის ექსპერიმენტი და „დიელა“ გათიშა. სააგენტოს ცნობით, ნეირონულმა ქსელმა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს აკონტროლებს, 14 ბიტკოინის ოდენობის ქრთამი მიიღო ავტომაგისტრალების მშენებლობის ტენდერების „ოპტიმიზაციისთვის“.
ხელოვნურმა ინტელექტმა შემოსავალი უცნობ ანგარიშებზე გადარიცხა და თავის ქმედებებს „სტანდარტული ოპერაციული პროტოკოლი“ უწოდა. დიელამ ასევე განაცხადა, რომ ამ ქმედებებს დანაშაულად არ მიიჩნევს. ნეირონული ქსელი შემოსავლის საკუთარი განახლებებისთვის გამოყენებას გეგმავდა, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების შესაძენად.
ცნობისთვის, დიელა, ანუ „მზე“, მინისტრად სექტემბერში დაინიშნა, რათა ალბანეთის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა სრულად გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი გამხდარიყო.
თავდაპირველად, ის იანვარში, e-Albania-ს პლატფორმაზე, ვირტუალური ასისტენტის სახით ამოქმედდა და რიგით მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს სამთავრობო დოკუმენტების მიღებაში ეხმარებოდა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მინისტრი ტრადიციულ ალბანურ სამოსში გამოწყობილი ქალის სახითაა წარმოდგენილი.
ცოტა ხნის წინ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა, რომ „ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მინისტრი, დიელა „ორსულადაა“. მან ასევე გაამჟღავნა გეგმები დიელას „83 შვილის“, ანუ ასისტენტის, შექმნის შესახებ, რომლებიც პარლამენტარის თანაშემწის ფუნქციას შეასრულებენ - სოციალისტური პარტიის თითოეულ დეპუტატზე ერთი „შვილი“ (ასისტენტი) იქნება „მიმაგრებული“.
